თოჯინების სახელმწიფო თეატრი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად დაარსებიდან 90 წლის იუბილეს ზეიმობს

დღეს გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) დაარსებიდან 90 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს საიუბილეო დღეს თოჯინების თეატრების გაერთიანებას, პროფესიონალ მეთოჯინეებსა და თოჯინების თეატრის მოყვარულებს.
საქართველოში თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისში 1934 წელს დაარსდა. თეატრის დაარსება გ. მიქელაძეს უკავშირდება და სწორედ ის იყო თეატრის პირველი ხელმძღვანელიც. თოჯინების თეატრის ჩამოყალიბებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით: ი. სარაულს, ქ. ჯუღელს და ნ. მახარაძეს.
თეატრის დასის პირველი წევრები იყვნენ მსახიობები: ე. სიბილა, გ. ლომაია, ე. ბარბაქაძე, ვ. ნიკოლაიშვილი.
პირველი წარმოდგენა – ს. ფედორჩენკოს „ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები“ (დადგმა მ. სარაულისა) თეატრში 1934 წელს, სწორედ 26 მაისს გაიმართა.
1936 წელს თოჯინების სახელმწიფო თეატრს შეუერთდა გ. კოსტავას ხელმძღვანელობით მოქმედი ჩრდილების თეატრი, თეატრს კი ეწოდა – თბილისის თოჯინებისა და ლანდების სახელმწიფო ქართული თეატრი. აქ იდგმებოდა და იდგმება ზღაპრები, ფეერიები, სათავგადასავლო პიესები, თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირებები. რეპერტუარი, ძირითადად, ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
მეორე მსოფლიო ომის დროს (1942–1945) თეატრში ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები იდგმებოდა: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში მოზრდილთათვისაც იდგმებოდა სპექტაკლები. ამ პერიოდში თეატრი უკვე კარგად ფლობდა თოჯინების მართვის ყველა სისტემასა და სცენურ ფორმას. თეატრი წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიისა და საერთაშორისო ფესტივალებსა თუ სიმპოზიუმებში.
თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1960 წლიდან უნიმას წევრია.
კულტურის სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი თოჯინების თეატრების მხარდაჭერისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების მიზნით, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, 2022 წლის 1 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, თოჯინების თეატრების გაერთიანება შეიქმნა, რომელშიც შედის: თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი და გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. თეატრების გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ ორგანიზაციას სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა.
თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკოლოზ საბაშვილი.
„გარდა იმისა, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ამ თეატრების ინფრასტრუქტურა განვითარდა და თეატრები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, შემოქმედებითი პროცესები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და თეატრალურ დასებს საშუალება მიეცათ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გასტროლებზე უფრო აქტიურად წარმოეჩინათ თავიანთი შემოქმედება, ფესტივალებზე წარდგენილმა სპექტაკლებმა კი დიდი წარმატებები მოიპოვა.
თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის, ინიციატივით თოჯინების თეატრის კარი მრავალი რეჟისორისთვის და მათ შორის, ახალგაზრდა რეჟისორებისთვისაც გაიღო, რომლებსაც აქამდე თოჯინური წარმოდგენების გამართვის გამოცდილება არ ჰქონიათ. გაერთიანებაში შემავალი თეატრების რეპერტუარი, კლასიკურთან ერთად, ითვალისწინებს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ნიმუშებისა და სპეციალურად თოჯინების თეატრის სცენისთვის დაწერილი ახალი პიესების წარმოდგენას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები