„მხატვართა სამყაროს“ სამეტაპიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
23 მაისს, 18:00 საათზე, „იარტ გალერეაში” სოციალური ქსელის ჯგუფ „მხატვართა სამყაროში“ გაერთიანებულ თანამედროვე მხატვართა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „მხატვართა სამყაროს” გამოფენა-გაყიდვა სამ ეტაპად ჩატარდება, შესაბამისად, 23, 25 და 26 მაისს. სულ მონაწილეობს 135 თანამედროვე მხატვარი.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს როგორც თანამედროვე, ისე მე-20 საუკუნის კლასიკოსი მხატვრების – მარგარიტა და შოთა მეტრეველების ფერწერულ ნამუშევრებსა და მათი ვაჟის, მოქანდაკე, მერაბ მეტრეველის, სკულპტურულ ნამუშევარს.
„გამოფენის იდეა დაიბადა ჯგუფში, დავხმარებოდით მხატვრებს პოპულარიზაციაში, და რომ შემოქმედებითად მეტი სტიმული ჰქონოდათ. ამით ჩვენ ჩვენი სოციალური ქსელით და ასეთი აქტივობებით ვეხმარებით. გამოფენა-გაყიდვაში ასევე, ჩავრთეთ ჩვენი ჯგუფის თანადამფუძნებელი, ავსტრალიელი ელიზაბეთ ტრანი, რომელიც მონაწილე მხატვრების რამდენიმე ნახატს შეიძენს და პოპულარიზაციას გაუკეთებს ავსტრალიაში მოღვაწე ქართველ არტისტებს“, – გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თეა ალავერდაშვილმა.
გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები არიან სოციალური ქსელის ჯგუფ „მხატვართა სამყაროს“ დამფუძნებლები – თეა ალავერდაშვილი და თამთა ნემსაძე, რომლებიც, ამავდროულად, მონაწილეობენ გამოფენაში.
მისამართი: დიმიტრი უზანაძის 13.