იოსებ ბაღათურია აშხაბადში გამართულ კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია მახტუმკული ფრაგის – გამოჩენილი მოაზროვნისა და პოეტის, 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები, სამთავრობო დელეგაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამეცნიერო თუ შემოქმედებითი საზოგადოებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების მთავარი თემა იყო მახტუმკული ფრაგის მოღვაწეობა და მისი შემოქმედების გავლენა თურქმენეთისა და მეზობელი ქვეყნების კულტურაზე.

კონფერენციაზე ისაუბრეს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის ქვეყნების კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

იოსებ ბაღათურიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თურქმენეთის პრეზიდენტსა და ღონისძიების მონაწილეებს, მახტუმკული ფრაგის საიუბილეო თარიღთან ერთად, თურქმენეთის კონსტიტუციისა და დროშის დღეც მიულოცა. მან ისაუბრა ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოსა და თურქმენეთის ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებზე, კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი და ელჩის მრჩეველი ზურაბ ჩაფიძე.

მახტუმკული ფრაგი – თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე, XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. არსებობს მისი სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. მახტუმკული ფრაგი აღიარებულია აღმოსავლური ლიტერატურის კლასიკოსად. მისი 300 წლის იუბილეს აღნიშვნას არამხოლოდ უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს, ის მიიჩნევა საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვან მოვლენად, რომელიც უნდა გახდეს ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების, მაღალი იდეალების დამკვიდრების ძლიერი იმპულსი. მეგობრობა, ჰუმანიზმი და კეთილმეზობლობა არის სწორედ ის ღირებულებები, რომლებსაც დიდი თურქმენი პოეტის შემოქმედებაში ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ მისი ზოგიერთი ნაწარმოები ითარგმნა ქართულად და მზადდება გამოსაცემად.

მახტუმკული ფრაგის შემოქმედების მნიშვნელობის დასტურია მისი ხელნაწერების კრებული, რომელიც შეტანილია იუნესკოს „მსოფლიოს მეხსიერებისა” და „დღის აღნიშვნების” საერთაშორისო სიაში.

საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქმენეთსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების, ურთიერთთანამშრომლობისა და მდიდარი ისტორიული და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები