„ნანინა 2024“ – ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი გაიმართა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი „ნანინა 2024“ გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის თემა „ბატონები-ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, მუსიკა“ გახლდათ.
ფესტივალ „ნანინას“ მიზანია, ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის ცნობადობის ამაღლება და ქალთა რეპერტუარის ყველა ჟანრის გამომზეურება; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი, ქალთა ყოფის ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და მუსიკალური ნიმუშების მოძიება, კვლევა, შესრულება და პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ბატონები – ტრადიცია, წეს-ჩვეულება, მუსიკა, რომელზედაც ეთნომუსიკოლოგებმა, ეთნოლოგებმა, ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენებითი ხელოვნების მკვლევრებმა, ქორეოლოგებმა, ექიმებმა წარმოადგინეს ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული, კონკრეტულ სფეროში არსებული კვლევის შედეგები სამეცნიერო ნაშრომების სახით.
ფესტივალის საკონფერენციო ნაწილში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი, ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალის პრეზენტაცია ვიდეორგოლების სახით, საქართველოს 10 კუთხიდან: ხევი, ქართლი, კახეთი, მესხეთი, რაჭა, სვანეთი, აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო.
ფესტივალის ორივე საღამოს გაიმართა ფოლკლორული კონცერტები, როგორც რეგიონული, ისე თბილისური ქალთა ანსამბლების მონაწილეობით, რომელთა მიერ ცოცხლად შესრულდა „ბატონების“ რიტუალთან დაკავშირებული და ქალთა რეპერტუარის სხვა ჟანრების სასიმღერო და საფერხულო ნიმუშები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და „მეღვინეობა შილდა“.