სახელგანთქმული ქართველი კინორეჟისორის – ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა

სახელგანთქმული ქართველი კინორეჟისორის – ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, ხსოვნასა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს.
საქართველოს სახალხო არტისტმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა 1939 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1939-1966 წელს იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის ჯერ – რეჟისორი, შემდეგ – მთავარი რეჟისორი. თეატრში მან დადგა ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“.
1956-1965 წელს იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგა ზ. ფალიაშვiლის „დაისი“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ჯ. ვერდის „ტრუბადური“. მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ისტორიული ეპოქის ღრმა ცოდნით, სადადგმო კულტურითა და მასშტაბურობით.
ვახტანგ ტაბლიაშვილი 1947 წელს მიიწვიეს თბილისის კინოსტუდიაში, სადაც კინორეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად გადაიღო პირველი ქართული მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ (ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით) ქართული თეატრის, კინოსა და ოპერის ვარსკვლავების მონაწილეობით.
1967 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი. მან დევი აბაშიძესთან ერთად ეკრანზე გააცოცხლა კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1970), გადაიღო ფილმი „ლევან ხიდაშელი“ (გურამ ფანჯიკიძის რომან „მეშვიდე ცის“ მიხედვით, 1970).
1975-1991 წელს რეჟისორი იყო „ქართული ფილმის“ დუბლირებისა და აღსადგენი ფილმების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო შოთა რუსთაველისა (2000) და კოტე მარჯანიშვილის (1993) სახელობის პრემიებისა და ქართული კინოაკადემიის პრემია „ნატოს“ (1997) ლაურეატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები