„ცისფერი ყანწები“ – მუზეუმების საერთაშორისო დღეს მასშტაბური გამოფენა გაიხსნება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მასშტაბური გამოფენით აღნიშნავს. 18:00 საათზე, გაიხსნება გამოფენა – „ცისფერი ყანწები“, რომელიც ავანგარდულ-მოდერნისტული ლიტერატურული გაერთიანების შვიდი წევრის საიუბილეო თარიღს ეძღვნება (პაოლო იაშვილი – 130, ვალერიან გაფრინდაშვილი – 135, კოლაუ ნადირაძე – 130, გიორგი ლეონიძე – 125, შალვა აფხაიძე – 130, სანდრო ცირეკიძე – 130, შალვა კარმელი – 125).
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, გამოიფინება 13 ცისფერყანწელი მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი 300-ზე მეტი ნიმუში: ფოტოები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული გრაფიკული, ფერწერული პორტრეტები, კარიკატურები.
საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ეკუთვნით: ლადო გუდიაშვილს, კირილ ზდანევიჩს, ირაკლი გამრეკელს, ვასილი კროტკოვს, თეიმურაზ ყუბანეიშვილს, ოსკარ შმერლინგს, მიხეილ ჭიაურელს, დავით ნაცვლიშვილს (დონი).
გამოფენის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC), რომლის დახმარებითაც 2023-2024 წლებში მუზეუმმა კვლევითი და საკონსერვაციო პროექტი განახორციელა.
„ცისფერი ყანწები“ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 29 ივნისის ჩათვლით გასტანს.

მისამართი: გია ჭანტურიას N8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები