გიორგი აბაშიშვილი: ტიპური, პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით, რასაც დამშვიდება სჭირდება
ტიპური, პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით, რასაც დამშვიდება სჭირდება. თუ ასე ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას, – ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, საფონდო ბირჟა გამოირჩევა იმ პრინციპით, რომ სტაბილურად ხდება სხვადასხვა ტიპის მერყეობა და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი.
„ბლუმბერგის“ დღევანდელი დღე რომ „ისქრინება“, იქ მთელი თვის, წლის მითითების საშუალება არსებობს და შეგვიძლია ვნახოთ, დღეს რაც მოხდა, რამდენჯერ მოხდა იგივე რყევა „ბლუმბერგზე“. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი ფაქტია. ტიპური, პანიკური, აჟიოტაჟური სიტუაციაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს რაც იყო ვითომ ყველაზე მეტი ზრდის ნაწილი [ე.წ. რყევის], ასეთი სამჯერ არის დაფიქსირებული მარტში, ორჯერ არის დაფიქსირებული აპრილში. დინამიკაში უნდა შევხედოთ. როცა ვამბობთ, რომ ლარი არის თავისუფლად მცურავი ვალუტა, ეს ბუნებრივია, ავტომატურად ნიშნავს, რომ რეაგირებს გარკვეული ტიპის მოვლენებზე, მაგრამ ლარმა რომ თვისობრივად შეიცვალოს მისი სავალუტო პოზიცია, გაუფასურდეს, ამას სჭირდება, რომ რაღაც ტიპის ფუნდამენტური ფაქტორები შეიცვალოს. შეუძლებელია ერთ დღეში ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილება. ეს არის უბრალოდ აჟიოტაჟური სიტუაცია, რასაც დამშვიდება სჭირდება. მარტში მომიწია ამ თემაზე საუბარი, როდესაც მოხდა უფრო მეტი ე.წ. რყევა. ასე რომ, თუ ასე ერთჯერად ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს უფრო სწრაფად დაამშვიდებს სიტუაციას“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.