რატომ არის აუცილებელი ქალთა გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებში? – 3 მიზეზი
ისტორიამ ქალთა ობიექტივიზაციის ბევრი მაგალითი შემოგვინახა. მესოპოტამიელები, ძველი ბერძნები და რომაელები, ჩინელები, ეგვიპტელები და ინდოელები – ყველანი გენდერულ როლებს უწესებდნენ ქალებს და პატრიარქალური წყობილებისთვის ხელსაყრელი ჩვეულებებით ზრდიდნენ – ანუ იმ მსოფლმხედველობით, რომ ქალის ადგილი შინაა; მისი პიროვნული ფასეულობა კი განისაზღვრება საშინაო საქმეების გაძღოლისა და შობის უნარებით. ქალი ჯერ მამისა და ძმის, შემდეგ კი ქმრისა და ვაჟის საკუთრებად მიიჩნეოდა. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ გამონაკლის შემთხვევებს, ქალს არ ჰქონდა დოვლათის დაგროვებისა და ფულის გამომუშავების უფლება; მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მამრობითი სქესის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, ქონების ნაწილიც კი არ რჩებოდა მას.
მე-19 საუკუნის დასასრულამდე ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ (ახალი ზელანდია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მათ პოზიციის დამოუკიდებლად დაფიქსირების საშუალება ოფიციალურად მისცა). მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამყაროში ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გაძლიერებულია მონიტორინგი და თავად ქალებიც გამოვიდნენ მსხვერპლის პოზიციიდან, ჯერ კიდევ არსებობს კულტურები, სადაც მათ თრგუნავენ, ჩარჩოებში აქცევენ, აკონტროლებენ და რეალიზების არეალს უზღუდავენ; ეს ხშირად გამყარებულია რელიგიური შეხედულებებითა და დრომოჭმული ტრადიციებით, რომლებიც ისევ და ისევ არაჯანსაღ, ქალისადმი სამომხმარებლო დამოკიდებულების მქონე, პატრიარქალური იდეოლოგიის წისქვილზე ასხამს წყალს.
საქართველოში ჯერ კიდევ რენესანსის პერიოდამდე გააქტიურდა გენდერული თანასწორობის საკითხები, მაშინ, როცა უვაჟოდ დარჩენილმა და პროგრესულად მოაზროვნე გიორგი III-მ თავისი ქალიშვილი, თამარი გაამეფა; რითაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დასაწყისში, ევროპის ისტორიაში პირველად შექმნა შეუზღუდავი მმართველობის ქალისთვის გადაბარების პრეცედენტი (აზიასა და შუა აღმოსავლეთში უკვე არსებობდა მსგავსი გამოცდილება. მათმა ისტორიამ შემოინახა ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ეგვიპტის ქალი ფარაონი ჰატშეფსუტი, ჰალიკარნასის მმართველი არტემისია I და ა.შ.). ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ქართველი ქალები კაცების გვერდით იბრძოდნენ, როცა მტერი თავს ესხმოდა სოფლებსა და ქალაქებს; ასევე, ომში მამაკაცთა გაწვევის შემდეგ, ქალები დამოუკიდებლად ახერხებდნენ თავდასხმების მოგერიებას, შვილებისა და კერიის დაცვას. ქართველი ქალი გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ფიზიკური ძალით, სულიერი მხნეობითა და სიმამაცით, სწორედ მის ე.წ. ვაჟკაცურ თვისებებს უკავშირდება საქართველოში ფართოდ გავრცელებული სიტყვა “დედაკაციც”.

თანამედროვე საქართველოშიც ქალები აქტიური მოქალაქეები არიან, ბევრი მათგანი დაკავებულია სოციალური აქტივობებით, მოხალისეობით; ჯერ კიდევ ზოგადი განათლების საფეხურზე აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში და ინტერესდებიან მეცნიერებით; აგრეთვე, მიილტვიან კარიერული მწვერვალებისა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, ვინაიდან საქართველო ეთნიკურად ჭრელია, ჩნდება ლოგიკური კითხვები – „რა ხდება მაშინ, როცა კანონს ტრადიციები და რელიგია უპირისპირდება? სარგებლობს თუ არა ყველა ქალი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით?” – იქნება ეს განათლების მიღების და დასაქმების უფლება, საკუთარ რეპროდუქციულ სისტემაზე არსებული უფლებები (საერთოდ, სურს თუ არა დედობა, როდის დაფეხმძიმდება, რამდენ შვილს გააჩენს, გაიკეთებს თუ არა აბორტს და ა.შ.), პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობა და სხვა.
სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, ქალთა გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებში მრავალი მიზეზითაა აუცილებელი. მოდი, განვიხილოთ სამი მათგანი:
- ადამიანური კაპიტალის მიზნობრივი გამოყენება
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების გაძლიერებით საზოგადოებას შეუძლია, გონივრულად აითვისოს ქვეყანაში არსებული ადამიანური კაპიტალი და უკეთესად გაუმკლავდეს სახელმწიფოებრივ საჭიროებებს: საჯარო დაწესებულებებში საკადრო დეფიციტის დაძლევით დაწყებული, ისეთი გამოწვევებით დამთავრებული, როგორიცაა – ჯანდაცვა და ჯანმრთელობის საკითხები, დემოგრაფიული პრობლემები, ხარისხიანი განათლება, გამართული სასამართლო სისტემა და ეფექტიანი სამართალდამცავი ორგანოები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა სწორი სტრატეგიით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობა და მათი პრევენცია, ქალაქების დაბალანსებული დაგეგმარება, რეგიონების სწრაფი განვითარება ა.შ.
- ძლიერი ეკონომიკა და არსებული ფინანსური გამოწვევების გადალახვა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას უწყობენ ხელს მას შემდეგ, რაც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას იწყებენ – აარსებენ სტარტაპებს, ხორცს ასხამენ ბიზნესიდეებს, იწყებენ ვაჭრობას, კავშირებს ამყარებენ უცხოურ კომპანიებთან, ითვისებენ საერთაშორისო ბაზრებს (კავდებიან ექსპორტით ან იმპორტით); ქვეყანაში მეტი თანხა შემოედინება. ამავდროულად, იზრდება ქალების მიერ სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი თანხების ოდენობაც, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხმარდება. გააქტიურებული ეკონომიკა არსებულ ფინანსურ გამოწვევებს უფრო მარტივად გადასალახს ხდის.
- დემოკრატიული პრინციპების დაცვა
სახელმიწიფო, რომელსაც დემოკრატიულობის ამბიცია აქვს, ამ იდეოლოგიის უმთავრესი პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, ანუ იცავდეს ადამიანების უფლებებს და ზრუნავდეს მათ თანასწორობაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდება დემოკრატიული მმართველობა. ადამიანის უფლებები – რომელიც მოიაზრებს სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას; საკუთრების უფლებას; ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა უფლებას; შრომისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებას; განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებებს (და სხვა) – ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს ქალსა და მამაკაცზე, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად. აქვე უნდა ითქვას, თანასწორობა მოიაზრებს, რომ განურჩევლად სქესისა, პოლიტიკური შეხედულებისა, რასისა და აღმსარებლობისა ყველა ადამიანი თანაბრად ღირებულია. გამოდის, თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, ქალებს (მათ შორის, მცირე ეთნიკურ ჯგუფებში) თავიანთი უფლებებით სარგებლობის არეალი უნდა შევუქმნათ, გავაძლიეროთ, მხარი დავუჭიროთ და წინ წამოვწიოთ მათი ადამიანური რესურსი.

ვინაიდან ქვეყანა დიდი მექანიზმია, ადამიანები კი მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც სინქრონულად უნდა მუშაობდნენ საერთო ინტერესებისთვის (მათ შორის, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად), გამოდის, ქალთა ზოგადი გაძლიერება და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში მათი როლების წინ წამოწევა თუ გამრავალფეროვნება, გარდაუვალი აუცილებლობაა. ძლიერი ქალები ძლიერ სახელმწიფოს ქმნიან!
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა ინტეგრაციის საკითხებსა და ეთნიკურ ჯგუფებში მათ გაძლიერებაზე.
2022 წელს მან განახორციელა მასშტაბური პროექტი – „ეთნიკური უმცირესობების ქალებისთვის დასაქმებასა და უნარების გაუმჯობესებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, რომელიც მიზნად ისახავდა მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, თვითრეალიზებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სახელმწიფო ენისა და პროფესიული ტერმინოლოგიის ქართულად სწავლების გზით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ, ჟვანიას სკოლის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მსმენელთა 76% სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო; სსიპ-ის მიერ შეთავაზებული კურსები გაიარა 4129 სომხურენოვანმა, აზერბაიჯანულენოვანმა, უკრაინულენოვანმა და რუსულენოვანმა ქალმა.