დღეს ქართველი მომღერლისა და მსახიობის – თინა მერკვილაძის დაბადების დღეა
დღეს ქართველი მომღერლისა და მსახიობის, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტის, თინა მერკვილაძის, იუბილეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს თინა მერკვილაძეს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
„თინა მერკვილაძემ ვოკალური განათლება მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი სტუდენტობისას კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში უკვე ასრულებდა მთავარ პარტიებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში.
თინა მერკვილაძე 1955 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობია. ათწლეულების მანძილზე სცენურ პარტნიორებთან, გამოჩენილ რეჟისორებსა და მუსიკოსებთან ერთად იგი ქმნიდა თეატრის შემოქმედებით სახეს. თინა მერკვილაძემ მოღვაწეობის მანძილზე 100-ამდე როლი განასახიერა, რომელთა შორის აღსანიშნავია: მარიცა, სილვა (ი. კალმანის „მარიცა“, „სილვა“), ესმა (გ. ცაბაძის „ჩემი შეშლილი ძმა“), ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძის „ჭრიჭინა“), ელიზა დულიტლი (ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“), ასია (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალანი“) და სხვა; ასევე, მთავარ როლებს ასრულებდა გამოჩენილი კომპოზიტორების: ოთარ თაქთაქიშვილის, არჩილ კერესელიძის, შოთა მილორავას, ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის ოპერეტებისა და მიუზიკლების საფუძველზე დადგმულ მუსიკალურ სპექტაკლებში.
თინა მერკვილაძე დიდი ხნის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის ავტორი ავტობიოგრაფიული წიგნისა „სიმღერა, ჩემი თეატრი და მე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.