კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი თეატრალური სივრცე – „თოჯინების სახლი“ გაიხსნა
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, განახლებულ ყოფილი ფირსაცავის შენობაში დაფუძნდა კერძო თეატრი „თოჯინების სახლი“. ის საზეიმოდ გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „რეჟისორის ცოლი“, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის, მეუღლის – თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რეჟისორები, თეატრმცოდნეები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თოჯინების სახლის“ სახით ქართულ თეატრს კიდევ ერთი ახალი და უპრეცედენტო თეატრალური კერა შეემატა, რომელიც აერთიანებს თოჯინებისა და საგნების თეატრს და მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ გააჩნია. თანამედროვე ევროპულ თეატრში ხშირად იმართება წარმოდგენები, რომელთა პერსონაჟების ნაწილი სხვადასხვა საგნით არის წარმოდგენილი, საქართველოში კი ეს ინიციატივა ახალი თეატრის დაფუძნებას უყრის საფუძველს.
დამოუკიდებელი თეატრის – „თოჯინების სახლის“ შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს.
„თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინური და საგნების თეატრისა, მისი სცენა დაეთმობა საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას.
ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის მიზანია, საგნების თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.
სპექტაკლი „რეჟისორის ცოლი“, რომლითაც ახალი სივრცე გაიხსნა, მოგვითხრობს თამარ წულუკიძის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. იგი აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. მსახიობს განსაკუთრებული სახელი მოუტანა გრიგოლ რობაქიძის პიესამ „ლამარა“, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა. საბჭოთა ხელისუფლებამ სპექტაკლი ეროვნული სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნია, თუმცა სანდრო ახმეტელმა, მოთხოვნის მიუხედავად, სპექტაკლი რეპერტუარიდან არ ამოიღო. ლ. ბერიას ბრძანების საფუძველზე, 1930 წელს რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ საგასტროლოდ აღარ გაუშვეს. თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. საბჭოთა რეჟიმმა სანდრო ახმეტელთან ერთად მისი მეუღლე თამარ წულუკიძეც დააპატიმრა. 1937 წელს სანდრო ახმეტელს – დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „თოჯინების სახლი“ დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს სთავაზობს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა.
დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული დონით. თეატრის შემოქმედებით ჯგუფის საქმიანობის მთავარი პრინციპი ჰუმანიზმისა და ზნეობრივი კატეგორიების ერთგულებაა. ჟანრობრივად რთული დრამატურგიული სტრუქტურა შემსრულებელთაგან გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნებასა და ღრმა პროფესიულ აზროვნებას მოითხოვს. ამგვარი სპექტაკლების დასადგმელად აუცილებელია მხატვრობის მაღალი დონე, ორიგინალური აზროვნება; ამავე დროს, ასეთი ხელოვნება მსახიობებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ სხვადასხვა შემოქმედებითი მეთოდი, აღმოაჩინონ და გამოავლინონ საკუთარი განსხვავებული უნარები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2022 წლიდან მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე უნიკალური ისტორიის კინოსტუდიის ოთხ ჰექტარამდე ფართობის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის – ჩამოქცევის პირას მისული 1920-იან წლებში აგებული ორი პავილიონის გადარჩენაზე მუშაობა. ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქის“ მოწყობა აქტიურად გრძელდება. კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის, სტუდია; მოეწყო გამოფენა-გაყიდვის დარბაზი სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“; ფუნქციონირებს მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო და მსახიობების შერჩევის სააგენტო – Eka Cast Agency, რომელსაც მსახიობი და კასტინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე ხელმძღვანელობს.
ტერიტორიაზე მოეწყო ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – Fest I Nova-ს თბილისის ფილიალიც (სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის, მიერ 2007 წელს დაფუძნებულ ფესტივალს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულა“ ყოველწლიურად მასპინძლობს).
სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის.