13 მაისი ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა
13 მაისი მწერლის, დრამატურგისა და ესეისტის, ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა. მას დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა.
ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს.
ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, ქარჩხაძეს წერა არ შეუწყვეტია და ნაწარმოებებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება „იგი“ გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები: „ქარავანი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“.
მწერალს სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი პრემია. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი – ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია „გალა”.