გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციაში პალესტინის სრულუფლებიან წევრობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც უშიშროების საბჭოს პალესტინის გაეროში წევრობის საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას 143 მომხრე და 9 წინააღმდეგი ჰყავდა, ხოლო 25-მა წევრმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, პალესტინის გაეროში წევრობის საკითხს დადებითად გადახედოს.
„პალესტინის სახელმწიფო კვალიფიცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე, აშშ-ს წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ თუ რეზოლუცია დამტკიცდება და წევრობის განაცხადი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება, აშშ კვლავ ვეტოს უფლებას გამოიყენებს. გაეროში აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებით, პალესტინის ხელისუფლება გაეროს წევრობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.