სპორტის სამინისტრო ლევან საგინაშვილს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში ლევან საგინაშვილს უმასპინძლა და მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირის – East vs West-ის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება მიულოცა.
შეხვედრისას მინისტრმა, ლევან საგინაშვილსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, ისაუბრა ახალგაზრდებში მკლავჭიდის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ასევე, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სპორტის სამინისტრო ლევან საგინაშვილთან ერთად დაიწყებს ვიზიტებს საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და მთიანი რეგიონების სპორტულ კლუბებში და მათ სამინისტროს მიერ შეძენილ სპორტულ ინვენტარს გადასცემს.
სტამბოლში გამართულ ტურნირზე „ქართველ ჰალკად” წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს, დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
ლევან საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა. კანადელმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის დროს მოახერხა, მომდევნო დაპირისპირებებმა კი ქართველის აბსოლუტური უპირატესობით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ უძლეველი ქართველი მკლავჭიდელი ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა, თუმცა იძულებითი შესვენების შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა და დევონ ლარატს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვა.
East vs West-ის ტურნირის მაყურებელმა ქართველი მკლავჭიდელების ფურორი იხილა – ლევან საგინაშვილის გარდა, სტამბოლში ჩემპიონები გახდნენ ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია.