მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება გამჭვირვალობა

„საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება გამჭვირვალობა. პოლიტიკურ პროცესებში გარდა პოლიტიკოსებისა, ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ამასაც სჭირდება გამჭვირვალობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის.

,,ეს მოდის კეთილი მიზნებიდან, რომელიც მიმართულია საქართველოს სტაბილური განვითარებისკენ, რაც არის უპირობო საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას, ძალიან რთული იქნება საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციის საკმაოდ რთულ პროცესზე, რომელიც წინ გვაქვს გასავლელი. კარგია, რომ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ პასუხისმგებლობაა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა. რა თქმა უნდა ეს საჭიროებს მეტ გამჭვირვალობას, რაც სამწუხაროდ დღეს არ გვაქვს უზრუნველყოფილი.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ დაგვიმალავს, ვესაუბრებით პარტნიორებსაც. ვცდილობთ ავუხსნათ ამის საჭიროებები, თუმცა გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები არგუმენტების გარეშე, რომ ეს ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს, დააზიანებს ევროატლანტიკურ კურსს. არანაირი ახსნა არ მოჰყვება, როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობამ დააზიანოს ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ეს პირიქით, დაეხმარება ქვეყანას სტაბილურობაში, პოლიტიკური პროცესის უკეთ წარმართვაში. თუ სხვა ქვეყნებში მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, იცოდეს, ვინ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ რა გავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რატომ არ აქვთ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ვიცოდეთ, როდესაც საქმე შეეხება პოლიტიკურ გამჭვირვალობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები