საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტი თუშური გუდას მწარმოებლების ხელშეწყობის შესახებ დასრულდა

30 აპრილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

პროექტი „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვა, ბრენდინგი და კომერციალიზაცია“ ერთწლიანი იყო და მიზნად ისახავდა იმ ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქტებს აწარმოებენ.

პროექტის ფარგლებში შეირჩა რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა „თუშური გუდა“, რომლის მაგალითზე მწარმოებლებისთვის ჩატარდა მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენ მიმართული მიზნობრივი ტრენინგები, სხვადასხვა შეხვედრა და დისკუსია. პროექტზე მუშაობის პროცესში ყურადღება გამახვილდა პროდუქტის მართვის ასპექტებზე, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის საკითხებზე. კერძოდ, მეწარმეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საწარმოო მეთოდების დახვეწისა და გაუმჯობესების შესახებ, გაეცნენ პროდუქტის პოპულარიზაციის ფორმებსა და სარეკლამო კამპანიისთვის საჭირო მიდგომებს, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს პროდუქტის რეალიზაციის ზრდას და, შესაბამისად, უკეთესი შემოსავლის მიღებას.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ. ყველის მწარმოებლებს, ისმოს წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აპოლონ კაკაბაძემ. ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) პროექტების მენეჯერმა, ალექსანდრა ბჰატთაჩარიამ.

ღონისძიებაზე პროექტის შედეგები შეაჯამეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროექტის გუნდის რეგიონული და ეროვნული განვითარების სექტორის მრჩეველმა იანინგ ჟანგმა და საერთაშორისო ექსპერტმა პასკალ ბერნარდონიმ. თუშური გუდას მწარმოებელმა პაატა აბულიძემ კი თავის გამოსვლაში პროექტის სამეწარმეო პერსპექტივებსა და საექსპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე ჩატარდა პანელური დისკუსია, სადაც განიხილეს პროექტის განხორციელების პროცესი. აღინიშნა „თუშური გუდას“ ასოციაციის გაძლიერება კოლექტიური მართვის მიმართულებით და ცოდნის გაღრმავება კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სპეციფიკაციებით განსაზღვრული ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობასა და წარმოების სფეროს შორის კავშირზე, ასევე, აღსრულების სხვადასხვა მექანიზმზე. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს თუშური გუდას წარმოების განვითარებას არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, მოეწყო ჟურნალის პრეზენტაცია საქპატენტში რეგისტრირებული საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. ჟურნალში განთავსებული საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა, გადმოსცემს და წარმოაჩენს საქპატენტში რეგისტრირებული 64 განსაკუთრებული პროდუქტის მნიშვნელობას, ხაზს უსვამს მათ უნიკალურობას, როლსა და სარგებელს ქვეყნის განვითარებაში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალის ტექსტების ავტორები – ისტორიკოსი გიორგი კალანდია და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, ასევე, ჟურნალის ვიზუალური მასალის ავტორები – ფოტოხელოვანები ბადრი ვადაჭკორია და პაატა ვარდანაშვილი.

მიღებაზე შეფმზარეულმა, ლუკა თოდუამ ჩაატარა მასტერკლასი და დაამზადა კერძი თუშური გუდის ყველის გამოყენებით. გარდა ამისა, მეწარმეებმა მოაწყვეს დახლები თუშური გუდას დაგემოვნების მიზნით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, საინფორმაციო სტენდი თუშური გუდას შესახებ.

პროექტის დახურვის ღონისძიებაში ისმოს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სურსათის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, კერძო სექტორიდან კი მონაწილეობდნენ: ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს მერძევეთა ასოციაციის, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის, „ელკანას“, „oriGIn საქართველოს“, სომელიეთა ასოციაციისა და „National geographic საქართველოს“ წარმომადგენლები.

პროექტის შედეგებმა გამოავლინა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების ეფექტიანი სამრეწველო გამოყენება საუკეთესო გზაა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისათვის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები