სალომე ზურაბიშვილი: იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!

“ჩვენ და, პირველ ყოვლისა, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის.

“იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!

ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.

სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს! მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ!

გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს! გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია! გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ დღევანდელ დღეს!”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები