სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.

აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი.

პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.

მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები