შალვა პაპუაშვილი: „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ

მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა სწორედ ამაშია, რომ რიგ შემთხვევებში, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რაც მისი თქმით, მიუღებელია.

„მათ შორის სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ – NED-ი და EED-ი. ამიტომ, პრობლემა სწორედ ამაშია, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს პრობლემა არის და ამაზე უნდა იზრუნოს საელჩომ, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია, მათ შორის წახალისების.

ჩვენ ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული, პროპაგანდისტულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ეს კომენტარი ეხება ამ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შალვა პაპუაშვილს და მის თანამესაკუთრე ზურაბ პაპუაშვილს სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, სახელმწიფომ 1 ლარად გადასცა 20 ჰექტარი ტყე. გარდა ამისა, პაპუაშვილს სახელმწიფომ სიღნაღში, სოფელ ვაქირში, 1 ლარად 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გადასცა. “ნეტგაზეთი” უთითებს, რომ ეს არის 2020 წლის საჯარო რეესტრის ინფორმაცია.
მოგვიანებით, გამოცემამ ინფორმაციის უზუსტობისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები