“ნატო მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის შეთანხმებას” – ხავიერ კოლომინა

ნატო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მთავარი პრინციპია”, – წერს კოლომინა.

როგორც მანვე აღნიშნა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რეგიონში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად უჭერს მხარს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს.

19 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს მხარეების შეთანხმდნენ, რომ სომხეთის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ოთხი სოფელი: ბაგანისი (ბაგანის აირიმი),​ ვოსკეპარი (აშაგი ასკიფარა), კირანცი (ხეირიმლი) და ბერქაბერი (კიზილ გაჯილი) აზერბაიჯანს დაუბრუნდება.

შესაბამისი შეთანხმება 15 მაისამდე იქნება ხელმოწერილი.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო ხაზის შეთანხმებულ მონაკვეთებზე ერთდროულად, ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურები ჩადგებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები