დავით მათიკაშვილი: რადიკალები ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები
“რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, რადიკალები ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდების, ნაწილის გულწრფელი და ნაწილის აჟიტირებული და მოტყუებული პროტესტის შედეგად დაიწერონ.
„ეს არის ფაქტი, რომ დეზინფორმაციის შედეგად მოხდა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ახალგაზრდების აჟიტირება და მოტყუება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. აშკარაა ისევ და ისევ ღირებულებით ნაწილში საკმაოდ უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეგვიცვალეს „მამული, ენა ერთობით“, ამის უფლება არავის არ აქვს.
ყველამ კარგად ვიცით, „მამული, ენის“ შემდგომ რა მესამე უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი საუნჯე არსებობს, ეს არის – „სარწმუნოება“. აშკარად ჩანს, რომ სწორედ ეკლესიისა და ჩვენი რწმენის გარკვეულწილად წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც შეიძლება იყოს ეს.
ოპოზიციას აქვს ერთადერთი გეგმა და სურვილი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. ელექტრონული მხარდაჭერა ნულოვანი აქვთ. ახლა ეს რადიკალები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ თავისი დილიდენტები და პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდების, ნაწილის გულწრფელი და ნაწილის აჟიტირებული და მოტყუებული პროტესტის შედეგად დაიწერონ, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.