ირაკლი ღარიბაშვილი: არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ დესტაბილიზაციას – თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება. საკითხი არის ძალიან სერიოზული. სერიოზული სიტუაციაა მთელს მსოფლიოში. გადახედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს ვგულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი ამაზე, ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები