მედია: ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა.

ამის შესახებ CBS News-ი და ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ.

ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისპაჰანის აეროპორტთან.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

ადგილობრივი მედია სულ სამ აფეთქებაზე წერს.

სააგენტოების ცნობით, თეირანის, ისპაჰანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერებულია.

ამავე დროს, ირანის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს და ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უარყვეს.

„რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით იყო ჩამოგდებული ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მიერ, სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობთ“, – წერს ირანის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, ჰოსეინ დალირიანი სოციალურ ქსელში.

ირანული Press TV-ის წყარო იტყობინება, რომ ირანზე გარე თავდასხმა საერთოდ არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ისპაჰანის პროვინციაში ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტია განლაგებული, თუმცა, როგორც სააგენტო Tasnim-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ატომური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

სააგენტო IRNA წერს, რომ ნგრევა არც სხვა ადგილებში მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები