ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.

„ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები