არჩილ თალაკვაძე: მთელმა საქართველომ ნახა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული – ამ შემთხვევაში შეკრების და გამოხატვის უფლება იყო დაცული, ისევე, როგორც ევროპაში

მთელმა საქართველომ ნახა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული. ამ შემთხვევაში შეკრების და გამოხატვის უფლება იყო დაცული, ისევე, როგორც ევროპაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები გამოეყენებინათ ესკალაციისთვის, ძალადობრივ სცენარებში ჩასართავად.

„გამოვიდნენ პარტიები და თქვეს, გადავდივართ აქტიურ კოორდინაციაზეო, არ არის საკმარისი ის, რაც არასამთავრობო სექტორმა და აქციის ორგანიზატორებმა, ვინც ჩანდნენ ამ დღეებში გააკეთესო. თვითონ დაადასტურეს ის., რაც ჩვენ დილით ვთქვით. რეალურად, წინა დღეების კადრებს თუ ნახავთ იქვე ჩანს, რომ ეს ადამიანები უკან, მეორე, მესამე დგანან და მორცხვად იყურებოდნენ კამერებისკენ, რომ თან დაფიქსირდნენ და თან არ დაფიქსირდნენ, დღეს უკვე აშკარად გამოვიდნენ წინა პლანზე. ამის გარდა შესამჩნევი იყო, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები გამოეყენებინათ ესკალაციისთვის, ძალადობრივ სცენარებში ჩასართავად. საყვედურებსაც გამოთქვამდნენ, გუშინ იმდენი პოლიციელი აღარ დგას, რამდენიც გუშინწინ იდგაო, დაიწყეს ძებნა პოლიციელების და პირდაპირ მივიდნენ იქ, სადაც ფიზიკური კონტაქტი უფრო შესაძლებელი იყო და კონფლიქტის მეტი ალბათობა არსებობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ზედმიწევნით, წესების და კანონის დაცვით შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყო და დაიცვა მშვიდობიანი მანიფესტანტები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ ცალკეულ ინციდენტზე იქნება პასუხები.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი მაგალითი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო და პოლიციელები როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს და იმ მთავარ მისიას ასრულებენ, რაც მათ აკისრიათ. ეს არის წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ყველამ დაინახა, მთელმა საქართველომ, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული. ამ შემთხვევაში შეკრების და გამოხატვის უფლება იყო დაცული, ისევე, როგორც ევროპაში. ასევე ვნახეთ პოლიციის რეაგირება, როდესაც იყო ძალადობის მცდელობები, იყო დაპირისპირება და აქაც პოლიცია პრაქტიკულად კანონის დაცვით მოქმედებდა. ნებისმიერ ცალკეულ ინციდენტზე იქნება პასუხები, ეს არ არის ჩემი გამოსაკვლევი და შესაფასებელი. ამასაც დაველოდოთ, ამაზეც იქნება პასუხები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები