რას ეტყოდნენ პატიმრები საკუთარ თავს წარსულში
იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეუძლია ერთ ცუდ არჩევანს, შეცვალოს მთელი ცხოვრება, ფოტოგრაფმა, ტრენტ ბელმა მაინის ციხის პატიმრებს სთხოვა, დაეწერათ წერილები საკუთარი თავისთვის, ოღონდ წარსულში. აი, სამი მათგანიც:
ძვირფასო ბობ, 1964 წელს, სწავლის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში შენ გქონდა სამსახურის სამი შეთავაზება, რომელიც დაკარგე. თითოეული მათგანი შეიძლება, შენი კარიერა გამხდარიყო, განსაკუთრებით კი, კანადის სამეფო პოლიციაში მუშაობა, რომელიც ამერიკული FBI-ის ტოლფასია. ციხეში ჯდომა და წარსულზე ფიქრი დაგჭირდება იმის გასაგებად, თუ რა ბედნიერი ბავშვობა გქონდა, როგორც ერთადერთ შვილს 150 ჰექტარ ფერმაში. შენ არ იყავი საკმარისად ჭკვიანი, რათა დაგეფასებინა ყველაფერი, რაც გქონდა… სანამ ძალიან გვიან არ იყო. შენ ცხოვრობდი მომავლით და არა – აწმყოთი. მერე 7 წლით უფროსი ბიძაშვილის ცუდ გარემოცვაში მოხვდი. მან და მისმა მეგობრებმა ღამით ორაგულზე სათევზაოდ წაგიყვანეს. იქ ყოველთვის ალკოჰოლი იყო და გინდოდა, გარემოს მორგებოდი – ასე დაიწყე სმა. შენს ბიძაშვილს უფროსი ძმასავით უყურებდი, რაც შეცდომა იყო. იშვიათად ატარებდი დროს იმასთან, ვინც არ სვამდა. გავიდა 10 წელი და შენი ცხოვრება უკონტროლო გახდა. შენ გიზიდავდა სატვირთო მანქანის მძღოლობა და მონრეალისა და სხვა ქალაქების კაშკაშა განათება. სასმელმა, ნარკოტიკებმა და წვეულებებმა სამსახური და ოჯახური ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. შენ გაანადგურე ორი ქორწინება და ეს არის შედეგი: შენ აქ ხარ, დაგრჩა 55-წლიანი სასჯელი მას შემდეგ, რაც უკვე 17 მოიხადე. ახლა იცი – მეგობრების ან ოჯახის არჩევისას ფრთხილად უნდა იყო. ემთხვევა თუ არა შენი ცხოვრებისეული მიზნები მათ? ჩვენ ნებას ვაძლევთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, გაანადგუროს ჩვენი ოცნებები და ჩვენი შესაძლო მომავალი.
ჯეკ ბებერს… ვწერ, რომ შეგატყობინო – მე მომავალი ვნახე და ვიცი, რა გელოდება შენ. მინდა, გაგაფრთხილო, რომ თუკი არ შეიცვლები, ცხოვრება გაგირთულდება. შენ სწრაფი ფული, სატვირთოები, მოტოციკლები, ქალები და ნარკოტიკები გიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ უბრალო მუშა ხარ, ბოლოს და ბოლოს გაიგებ, რომ დანაშაულს ჩადიხარ: ნარკოტიკებს ყიდი. როდესაც ძვირადღირებული ნარკოტიკის მოხმარებას დაიწყებ, შენი ე.წ. მეგობრები შენგან უფრო მეტს მოითხოვენ. არ ეცადო, რომ ისინი მოხიბლო. ბოლოს შენ მოხვდები ცივ საკანში და ისინი შორს იქნებიან. უკან მოიხედავ და დაფიქრდები, როგორ გაცვალე საკუთარი შვილების, მშობლების და პირადად შენი ცხოვრება ციხეზე. იშოვე სამსახური, ჯეკ, მოეშვი ნარკოტიკებს და თავი აარიდე უგუნურებას, ვინაიდან შენ იმსახურებ, რომ აისრულო ოცნებები.
ძვირფასო პიტერ, კარგია, რომ შენთან საუბრის საშუალება მომეცა. ახლა მე 55 წლის ვარ და უკანასკნელი 6 წელი ციხეში გავატარე. მომეცი უფლება, მოგიყვე, თუ რა არის ეს ცხოვრება. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც გინდა, კარგია, მაგრამ არსებობს ბევრი ცუდიც. თუ რამე ცუდ იდეად გეჩვენება, ეს ასეც არის. არ გააკეთო ეს. თუ ღმერთის სიახლოვეს გრძნობ შენს ცხოვრებაში, დაუჯერე მას. შენ ბევრი ნიშანი მოგეცემა იმისა, თუ რა უნდა გააკეთო. იცხოვრე გახელილი თვალებით, იყავი ყურადღებით, აკეთე ის, რაც სწორია და არ მოგიწევს ციხეში წასვლა. ღმერთებს შენ უყვარხარ და მიჰყევი მათ მცნებებს. პიტერი.