“ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების კონფერენციაზე განაცხადა.

„ივნისში დაგეგმილი ევროპული არჩევნების აზრი  ხელმძღვანელობის შეცვლაშია. თუ ხელმძღვანელობა ცუდი გამოდგა, მისი შეცვლაა აუცილებელი. ეს მარტივია“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანი „ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციაში“ მონაწილეობს, რომლის გამართვის წინააღმდეგ ბრიუსელის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები გამოდიოდნენ. მათი განკარგულებით პოლიციამ ღონისძიების გაუქმება სცადა, თუმცა, ორგანიზატორებმა სასამართლოს მიმართეს და კონფერენციის ჩატარების ნებართვა მიიღეს.

ამ საკითხზე საუბრისას უნგრეთის პრემიერმინისტრმა მომხდარი 1980-იან წლებში კომუნისტების ქცევას შეადარა.

„ვფიქრობ, თავისუფლება ევროპაში და განსაკუთრებით, ბრიუსელში, საფრთხეშია, როგორც ეს გუშინ გამოჩნდა კიდეც. დავარქმევთ ამას კომუნიზმს თუ არა, ჩვენ ვცხოვრობთ ევროპაში შევიწროების ზღვარზე,“ – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს არ არის უნგრელების ომი. უნგრეთის პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინა დასავლეთის „პროტექტორატად“ არის ქცეული, რადგანაც ევროკავშირისა და აშშ-ის იარაღისა და ფულის გარეშე, უკრაინის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი კიევის ნატოში პოტენციური ინტეგრაციის გამო დაიწყო.

„რუსები ყოველთვის გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ყოველთვის რაღაც იყოს. ბუფერული ზონა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები