“უკრაინის აღდგენაზე საუბრებამდე, მისი ნგრევა უნდა ავირიდოთ, გაცილებით იაფი დაჯდება Patriot-ის ყიდვა, ვიდრე ელექტროსადგურის აღდგენა, რომელსაც რუსები დაანგრევენ” – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის დიპლომატიის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ 22 აპრილს საგარეო საქმეთა და თავდაცვის ევროკავშირის საბჭოს მოიწვევს, რომელზეც განიხილავს, თუ როგორ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის მოთხოვნა საბრძოლო მასალების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.

ამის შესახებ მან Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას დიპლომატმა “დინამიკური ჩიხი” უწოდა და აღნიშნა, რომ გარღვევა, რომლის იმედიც უკრაინას ჰქონდა, არ მოხდა და რუსები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დანაკარგები.

“წევრი სახელმწიფოების კარზე ვაკაკუნებ და ვეუბნები, რომ თუ არ გააჩნიათ საზენიტო დანადგარები, მაშინ უნდა შეიძინონ ისინი. ეტაპობრივად ვითარება იცვლება, მაგრამ წევრი ქვეყნების შენატანი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველას შეუძლია მეტის გაკეთება, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. ჩემი მისია რომელიმე ქვეყნის მიმართ თითის გაშვერაში არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ საერთო პოზიციის შემუშავება მოხდეს. პრობლემა არა დროში, არამედ რაოდენობაშია. ერთი წლის შემდეგ შესაძლოა, გვიანი იყოს. უკრაინის აღდგენაზე საუბრებამდე, მისი ნგრევა უნდა ავირიდოთ. გაცილებით იაფი დაჯდება Patriot-ის სისტემის ყიდვა, ვიდრე ელექტროსადგურის აღდგენა, რომელსაც რუსებმა დაანგრევენ”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, კონფლიქტი ასიმეტრიული გახდა – რუსეთს გამარჯვება არ სურს, მისთვის მნიშვნელოვანია – არ წააგოს. უკრაინამ კი უნდა გაიმარჯვოს, რომ აირიდოს შეჭრა და სწორედ მისი მოკავშირეებზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა კიევი შემტევ შესაძლებლობებს.

დიპლომატმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის დახმარებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მოსკოვს ხელს აძლევს.

“პუტინი აშშ-ის არჩევნებამდე არ გაჩერდება. როდესაც ის ხედავს, თუ როგორ იქცევიან რესპუბლიკელი კანონმდებლები, მას აქვს ყველა საფუძველი, იფიქროს, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაცია მისთვის საუკეთესო სცენარი იქნება”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები