გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 24 საათში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ როდესაც ერთმანეთის პირისპირ ბირთვული სახელმწიფოები დგანან, გლობალურ ომზე წამსვლელი არც არავინაა

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.

“დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ირან-ისრაელის 1- დღიანი ომი დასრულებულია, თუმცა ამ ომის გამოძახილი კიდევ დიდხანს დარჩება პოლიტიკური დღის წესრიგში.

ამ ბოლო 24 საათში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ როდესაც ერთმანეთის პირისპირ ბირთვული სახელმწიფოები დგანან, გლობალურ ომზე წამსვლელი არც არავინ არ არის, არც აშშ და არც ნატო. ყველგან კარგად ესმით, რომ ამ სახის ნებისმიერმა კონფლიქტმა, დიდ ადამიანურ მსხვერპლს და ჰუმანიტარულ კატასტროფას თავი რომ დავანებოთ,  დედამიწის ცივილიზაცია შეიძლება, შეიწიროს და მისი ისტორიაც დაასრულოს.

ამ თუნდაც დროებით დაზავებით, პრაქტიკულად, ყველა მხარე კმაყოფილია, ირანში ზეიმია, რომ ისრაელს პასუხი გაეცა, თუნდაც ამ ფორმით, იგივე ხდება ისრაელში, ეფექტიანად  იმუშავა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ იგივე რკინის ქოლგამ, რაც ასევე ჩაიწერება პრემიერ ნეთანიაჰუს გაუფასურებულ აქტივში, აშკარად  გაიზრდება აშშ -ის  როლიც, როგორც გლობალური მოთამაშის და მშვიდობის გარანტორი ქვეყნის, რაც ასევე წინააარჩევნოდ “დემოკრატების” წისქვილზე ასხამს წყალს. ისე შემთხვევითი არც უილიამ ბარნსის ვიზიტი იყო, რამდენიმე დღის წინ თეირანში. შემთხვევით კი არ იტყვის ბაიდენიც, რომ ისრაელი უკვე გამარჯვებულია, რადგან დანაკარგები და ზარალი ნულის ტოლია!

ამ საათებში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა ისიც, თუ რატომ არ აძლევენ უკრაინას უფრო მძლავრ შემტევით იარაღს, იქნება ეს სარაკეტო სისტემები თუ ავიაცია. აქ ერთიც შეიძლება ითქვას, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაც უახლოესი მომავლის საქმეა, ალბათ პროცესი აშშ-ში არჩევნების შემდგომ დაიწყება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს ბაიდენი, თუ ტრამპი.

ჩვენც კმაყოფილი უნდა ვიყოთ, ჩვენ არც თუ შორეულ სამეზობლოში რეგიონალური ომი, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში  ვერ იქნება. ჩვენთან ასე უტრირებული ოპოფლანგის მხრიდან “ოცნების” დემონიზაციის თვალსაზრისით -“აბა , ომი გინდათ” , ვფიქრობ, უნდა დასრულდეს და საზოგადოებამაც კარგად უნდა გაიაზროს ეს ფაქტორი!

აქედან მთავარი შეგონება – თუ ომს აპირებ, უნდა იცოდე,  მოკავშირე ვინ გეყოლება და არანაკლებ მნიშვნელოვანი – თუ ვისთან აპირებ ომს!”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები