საქართველოს მწერალთა სახლი წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას პარიზის წიგნის ფესტივალში

საქართველოს მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალში ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.

მეორე საფესტივალო დღის ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები.

ფესტივალის მეორე დღეს Grand Palais Éphémère-ში საქართველოს ეროვნულმა სტენდმა გამართა დისკუსია – „ერთად ლიტერატურისთვის”. მთარგმნელმა დალი იაშვილმა წარადგინა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ლამბალო და ყაშა” და  მოთხრობების კრებული. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ქართული გამომცემლობების: „სეზან ფაბლიშინგის”, „მედუზის”, „აგორას,” „საქწიგნის,” „ბაკმის” წარმომადგენლები, უცხოელი გამომცემლები, მთარგმნელები, ლიტერატურული აგენტები, ავტორები. მონაწილეებმა მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობის პერსპექტივები და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

გარდა ამისა, ქართულ სტენდთან საქართველოს მწერალთა სახლისა და ქართველი გამომცემლების მონაწილეობით კვლავ წარმატებით გაიმართა საქმიანი შეხვედრა – PUBLISHERS MATCHMAKING-ი. შეხვედრაზე განიხილეს ქართული ლიტერატურის კატალოგი.

ფესტივალზე ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იყვნენ ფრანგული გამომცემლობების: LE CHERCHE MIDI-ს, GINGKO-ს, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE-ის, MEDUZA-სა და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES-ის წარმომადგენლები. მათ წარადგინეს ფრანგულად თარგმნილი კლასიკური და თანამედროვე ქართული პროზაული და პოეტური ნაწარმოებები.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ძველი ქართული მწერლობის ნიმუშების ფრაგმენტებით.

ასევე, ფესტივალის სტუმრებს კალიგრაფმა გიორგი სისაურმა ქართული ანბანით კვლავ დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრები გაეცნენ ქართული მწერლობის ნიმუშებს და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში.

პარიზის წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს, 14 აპრილს, მთავარ სცენაზე წიგნს – „მზე, მთვარე და პურის ყანა” წარადგენენ ავტორი – მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი.

ინფორმაციისთვის: 12 აპრილს Grand Palais Éphémère-ში გაიხსნა პარიზის წიგნის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული სტენდი. სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით – „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე”. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი”, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.  ფესტივალის გახსნის დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები. ამავე დღეს გაიმართა არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა – PUBLISHERS MATCHMAKING-ი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი”,  „მედუზა,” „ბაკმი” და მთარგმნელები – მაია  ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე.

აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. მასში მონაწილეობს 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი.  საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.

ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაეხმარება მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები