პუტინი: არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე

ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ომი 2014 წელს რუსეთს არ დაუწყია და ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო.

„ზოგადად, როგორც იცით, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე. უფრო მეტიც, სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილები. ეს ომი 2014 წელს არ დაგვიწყია. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო. შემდეგ, როდესაც ყველაფერმა უკვე „ცხელი“ ხასიათი მიიღო, სწორედ თქვენ იყავით ბელარუსში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩატარების ინიციატორი. ჩვენ დავიწყეთ ეს ორ ქალაქში.

შემდეგ მხარეები თურქეთში, სტამბოლში გადავიდნენ. იქ პრაქტიკულად დავასრულეთ ეს დიდი სამუშაო, რომელიც დიდხანს მიმდინარეობდა და რომელიც ორივე მხრიდან იყო პარაფირებული.

როგორც იცით, შემდეგ დასავლეთის ზეწოლით უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“, საჭიროა კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როგორც კი ეს გავაკეთეთ, ჩვენი შეთანხმებები სანაგვეზე მოისროლეს“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები