მამუკა მდინარაძე: ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია, სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა

ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია მიმართულება – სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! – შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის ქაოსში ჩაბმას აპირებ და მეუბნები, როგორ იკადრე, რომ თქვი და სხვა რაღაც გააკეთე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით რეალური ბრძოლა “შავი ფულისთვის“ მიმდინარეობს. მისივე თქმით, როცა გასულ წელს ხელისუფლების პირობა იყო, რომ კანონს არ დააბრუნებდნენ, გაუმჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

“დიდი უცნაურობაა, რომ კრიტიკა იმ საკითხთან დაკავშირებით გვესმის, რა ინიციატივაც ევროპაშია, ევროკომისიის დირექტივის სახით დაინიცირებული – იგივე საკითხს არეგულირებს და არის კიდევ უფრო მკაცრი.

ქართული კანონპროექტი ფიზიკურ პირებს არ ეხება, ხოლო ევროპარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ეხება ფიზიკურ პირებსაც. როდესაც საქართველოში იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ კანონის შინაარსი არ აინტერესებთ და შინაარსში არ უნდა შევიდეთ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც სახელი უნდა დავარქვათ, ეს არის დიდი მავნებლობა. რას ნიშნავს, შინაარსი არ გვაინტერესებს?! – რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ვიდეო, როცა ახალგაზრდა კაცი გამოდიოდა და იურიდიულად ასაბუთებდა, რატომ არის კანონპროექტი ოკუპანტი ქვეყნის კანონის მსგავსი – არ ყოფილა წინადადება ტყუილი რომ არ ეთქვას – ყველა სიტყვა და წინადადება ტყუილი იყო.

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იცით სად არის? – ვინც არ უნდა იყო, როგორ შეიძლება ევროპიდან გააკრიტიკო ის, თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, რასაც იღებს საფრანგეთი და რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ბრიტანეთში – ე.ი. მათთვის შეიძლება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია!

ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია მიმართულებით – სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! ყველა პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ადამიანი, რომლის შემოსავალი 40 ათასს ლარს სცდება, ვალდებულია დეკლარაცია შეავსოს და თუ ჩვენ ამდენ დეკლარაციებს ვავსებთ და თეთრების სიზუსტით ვწერთ, რა პრობლემაა?

მოგიწოდებთ ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის! როგორ შეიძლება თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევდე და გამჭვირვალობის ასე გეშინოდეს?! მგონი, ჩვენც რომ ვერ წარმოგვიდგენია, იმხელა რაღაც აქვთ მათ დასამალი!

ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ამ შავი ფულით რა კეთდება?

კანვასის ტრენინგები ამ ფულით არ ფინანსდებოდა და ეს ფული მტრული სახელმწიფოდან მოდიოდა?! ISFED-მა ხმის პარალელური დაცვის მონაცემები რომ რომ გააყალბა, ეს ფული საიდან იყო?! რომელი მიმართულებიდან მოდიოდა ფული, რომელიც იმაში ჩაიდო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას პარალელული ხმის დათვლის მონაცემები გაეყალბებინა და ამით ხელისუფლება და ქვეყანა აეყირავებინა?!

ჩვენ ვიცით ვინ არის მეგობარი, ცივილიზებული სამყაროს წევრები ვართ, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები აუცილებლად გავხდებით, მაგრამ ასევე ვარჩევთ მეგობრულ და არამეგობრულ ქმედებებს. სწორედ ამ არამეგობრული ქმედების დაზღვევისთვის არის გამჭვირვალობა აუცილებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები