მამუკა მდინარაძე: ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებისთვის
ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებისთვის. როდესაც გეცოდინება შენს ქვეყანაში რა ფული შემოდის გარედან, რას ხმარდება, ეს ყველასთვის კარგია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ისინი არჩევენ მეგობრულ და არამეგობრულ ქმედებებს და სწორედ ამ არამეგობრული ქმედებების დაზღვევისთვის არის გამჭვირვალობა აუცილებელი.
„ჩვენ ვთქვით, რომ რაღაც პირობაზე ვდგავართ, არ ვაბრუნებთ კანონს და ამ დროს ისინი კიდევ უფრო აშავებენ ფულს, რომელიც უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. მათ დადეს მოცემულობა, რომ [უცხოური დაფინანსება] გამჭვირვალეა და გაუმჭვირვალობის ხარისხი გაზარდეს.
„კანვასის“ ტრენინგები არ ფინანსდებოდა ამ ფულით? მტრული სახელმწიფოდან მოდიოდა ეს ფული? „ისფედმა“ რომ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, საიდან იყო ეს ფული? რომელი მიმართულებიდან მოდიოდა ფული, რომელიც ჩაიდო იმაში, რომ „ისფედს“ – ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გაეყალბებინა და ამით აეყირავებინა ხელისუფლება და ქვეყანა?
ჩვენ ვიცით ვინ არის მეგობარი. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მაგრამ ასევე ვარჩევთ მეგობრულ და არამეგობრულ ქმედებებს. სწორედ ამ არამეგობრული ქმედებების დაზღვევისთვის არის გამჭვირვალობა აუცილებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.