მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში – საქართველო არასოდეს დათმობს არც თავისუფლებას, არც დამოუკიდებლობას
”ეს არის დღე, რომელიც ასოცირდება ერთი მხრივ დიდ ტკივილთან, რომელიც თან სდევდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების დაღუპვას, მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სიმბოლიზმმა, დიდი სიხარული შესძინა ამ თარიღს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო, ქართული საზოგადოება არასოდეს დათმობს არც თავისუფლებას, არც დამოუკიდებლობას.
„ეს არის ამავდროულად გმირობისა და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართველი, საქართველო, ქართული საზოგადოება არასოდეს დათმობს არც თავისუფლებას, არც დამოუკიდებლობას. ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.