ლაშა ხუციშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ბევრ ადამიანს შეეძლება, მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში

“მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, ბევრ ადამიანს შეეძლება, მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უახლოეს პერიოდში  საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება.

„საუბარია 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოდგენილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ფიზიკური პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები. ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება, რომელიც მათ დაერიცხათ, დეკლარირებული იყო, აღიარებულია 2021 წლის პირველ იანვრამდე. საქართველოში ჯამში ასეთი 145 000 პირია. მათი ჯამური საგადასახადო დავალიანება, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად თანხას, ასევე დარიცხულ ჯარიმა-საურავებს, 590 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ეს იქნება ის თანხა, რომელიც აღიარებული დავალიანების ფარგლებში ჩამოიწერება.

ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანოს გატარებული ჰქონდა შესაბამისი აღსრულების, იძულებითი ღონისძიებები, დავალიანების გამო, ადამიანთა დიდ ნაწილს, ფიზიკურ პირებს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ პროექტს დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და ჩამოწერა განხორციელდება, ექნებათ სრული შესაძლებლობა, ეკონომიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები