„ანა მანიანისა არ იყოს, არც წლებს ვმალავ და არც ნაოჭების გალამაზებას ვცდილობ, რადგან მათში საკუთარ თავს ვხედავ და ჩემი ცხოვრების ამბებია ასახული“…

ფილოლოგისა და ჟურნალისტის ოჯახში დაბადებულს საინტერესო ბავშვობა ჰქონდა. რომელმაც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ვაკის უბანში ჩაიარა… იმ წლებსა და მოგონებებზე სიყვარულით საუბრობს. იხსენებს გამომცემლობა „სამშობლოში“ გატარებულ დღეებს, მამის დარიგებებს და მის მეგობარ-თანამშრომლებს…
პროფესიით თეატრმცოდნეა.  შოთა  რუსთაველის  სახელობის თეატრისა  და  კინოს  უნივერსიტეტი დაამთავრა. წლების განმავლობაში მუშაობდა თეატრალურ კრიტიკოსად ჟურნალ-გაზეთებში.
წერს მოთხრობებს, ლექსებს, პიესებს, საბავშვო ნაწარმოებებს.
მოთხრობების პირველი კრებული „ერთხელ აქ, ამერიკაში“ დაისტამბა 2000 წელს, ლექსების კრებული „პარალელური განზომილება“   კი  – 2010 წელს. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული „ქათმის გრიპი“ და დოკუმენტური პროზა „მესამე ცოლის ჩანაწერები“ (2019 წ.). „ჩვენებური ამბები“ სხვადასხვა წელს დაწერილ პიესებს აერთიანებს და მეხუთე კრებულია (2022წ.).
2022-23 წლებში საბავშვო ილუსტრირებული პიესა „თუთიყუშ ბენოს  თავგადასავალი“ და საბავშვო მოთხრობების კრებული „ანგელოზები სასეირნოდ გამოდიან“ (მხატვარი ქეთევან ნარეკლიშვილი) დაიბეჭდა  „შემოქმედებითი საქართველოს“  პროექტის „საბავშვო ლიტერატურის  მხარდაჭერის (თარგმნა, შექმნა)“ ფარგლებში.
არის „პენ-მარათონის“ კონკურსის გამარჯვებული და ვერცხლის დიოგენეს მფლობელი, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებული,  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის მიერ დაარსებული კონკურსის  „ახალი ქართული პიესა“  გამარჯვებული (მეორე ადგილი) და პრიზის „თუმანიშვილის ვაშლის“ მფლობელი.
ამჟამად  თელავის მერის მოადგილეა. –  ფიქრია ყუშიტაშვილის პერსონა.

–  დიდი ოჯახიდან მოდიხართ… ბავშვობის საინტერესო დღეები…
– ამბობენ,  შვილები  მშობლების  ცხოვრების  გზას  მეტ-ნაკლებად  იმეორებენო… არ  ვიცი,  რით  ჰგავს  ჩემი  განვლილი  ცხოვრება  მათი  ბიოგრაფიის  ფურცლებს,  თუმცა  არის  მომენტები,  როცა  ვგრძნობ,  რომ  მე  ჩემი  მშობლების  ბედისწერის  ანარეკლი  ვარ,  ოღონდ,  რა  თქმა  უნდა,  თანამედროვე და  ინდივიდუალური ინტერპრეტაციით.
დავიბადე  1967  წლის  9  აპრილს  ე.წ.  „არამიანცის“  საავადმყოფოს  სამშობიარო  ბლოკში,  საკეისრო  კვეთით  (სხვათა შორის,  ჩემი  ვაჟიშვილიც  9  აპრილსაა  დაბადებული  საკეისრო  კვეთით!).
დედა,  ნინო  პეტრეს  ასული  ტაბლიაშვილი,  ყველაზე  უმცროსი,  მესამე  შვილი  ოჯახში, აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი,  რომელსაც  უნივერსიტეტის  დასრულების  შემდეგ,  იმხანად  დადგენილი  წესებით,  ე.წ. განაწილებით  მოუხდა  მუშაობა  ჯერ  მარნეულში  და  შემდეგ  გარდაბანში,  გვიან, 39  წლის  ასაკში,  გათხოვდა  და  ცოლად  გაჰყვა  პროფესიით  ჟურნალისტსა  და  ფოტოკორესპონდენტ  ვალერიან  იოსების  ძე  ყუშიტაშვილს,  რომელსაც  საუნივერსიტეტო  განათლება  ფილოსოფიის  ფაკულტეტზე  ჰქონდა  მიღებული.
დედა, ეგრეთ  წოდებული,  მესამე თაობის თბილისელი  ქალი  გახლდათ, ოდინდელი  წარმოშობით  მარტყოფელი,  რომლის  საგვარეულო  დინასტიაში  ვაჟები  საეკლესიო  გზას  ირჩევდნენ  და  წლებით  დამკვიდრებულ ტრადიციას  აგრძელებდნენ,  მხოლოდ  პაპაჩემს – პეტრესა და  მის  ძმისშვილს –  ვახტანგს  დაურღვევიათ  ეს  ტრადიცია,  პეტრე  სამოქალაქო  სამსახურში  გამწესდა  და  პენსიამდე  ჯერ  გადამწერად  და  შემდეგ  ასოთამწყობად  მუშაობდა  სტამბაში,  ხოლო ვახტანგ  ტაბლიაშვილი  დიდი  ქართველი  რეჟისორი  გახდა  და  სამარადჟამოდ  უკვდავყო  ქართული  თეატრი  და  კინო  თავისი  ნაწარმოებებით.  დედით  ტაბლიაშვილმა  და  მამით  ყუშიტაშვილმა, ეს  ამბავი  მე,  რა  თქმა  უნდა,  ხუმრობის  თემად  ვაქციე  და  როცა  მეკითხებიან  მშობლების  გვარებს,  პირდაპირ  მე-20  საუკუნის  40-50-იანი  წლების  მარჯანიშვილის  თეატრს  ვუსახელებ,  რადგან  სწორედ  აქ  მოღვაწეობდნენ  პარალელურად  ეს  დიდი  ქართველი  რეჟისორები  – ვახტანგ  ტაბლიაშვილი  და  ვასო  ყუშიტაშვილი.  თვითმხილველნი  ამბობენ,  ერთმანეთის  შემოქმედებით  კონკურენტებს, ტაბლიაშვილ-ყუშიტაშვილს  დიდად  ტკბილი  ურთიერთობა  არა  ჰქონდათო,  რაც  ჩემმა  ოჯახმა  „გამოასწორა“  და  დედ-მამას  ტკბილი  და  თბილი  წყვილი   ჩემთვის  ცოლქმრული  ერთგულებისა  და  სიყვარულის სიმბოლოდ  იქცა.
„ყუშიტაშვილი  ვალიკო,
ღვინისგან  გამომთვრალიყო,
ცოლად  ისეთ  ქალს  ეძებდა,
რომელიც  ქვეყნად  არ  იყო“!…
ეს  ფუნაგორია  თვით  გოგლა  ლეონიძეს  გამოუთქვამს  ბერბიჭად  დარჩენის  კანდიდატ  მამისათვის  ერთ-ერთი  ქეიფის  დროს.  მამა  თურმე ლიტერატურის  ინსტიტუტში  მუშაობდა  სამეურნეო  ნაწილის  გამგედ  მაშინ,  როცა  გოგლა  დირექტორი  იყო. ძალიან  დამეგობრდნენ  და  საქმიან თუ  საქეიფო  სიტუაციებში  ხშირად  იყვნენ  ერთად.  მამის  ფოტოობიექტივმაც  დიდი  პოეტის  არაერთი  სამახსოვრო  კადრი  აღბეჭდა, ხოლო  გოგლას  ერთ-ერთი  ყველაზე  პოპულარული  ფოტოპორტრეტი,  მისი  სალექსო  კრებულების  „სუპერებად“  რომ  იქცა,  ასევე  მამის  გადაღებულია.
მამა  36  წლისა  იყო,  დედა  2  წლით  უფროსი,  მათი  ქორწინება  შედგა  სადად,  უხმაუროდ,  ყოველგვარი  თეთრი  საქორწინო  კაბა-ფატისა  და  მენდელსონის  მარშის გარეშე.  მაგრამ ქორწინებიდან  სულ  რაღაც  7  თვეში  მამას ჯანმრთელობას  სერიოზული  პრობლემები  შეექმნა  და  ისე  მოხდა,  რომ  ორივე  ერთდროულად  აღმოჩნდა  „არამიანცის“  საავადმყოფოში:  დედა  მშობიარეთა  შორის,  ხოლო  მამა – კარდიოლოგიურ  განყოფილებაში,  სადაც  გულის  მწვავე  ინფარქტით  გაამწესეს. დეიდაჩემსა  და  ბიცოლაჩემს  თურმე  განაწილებული  ჰქონდათ  განრიგი,  ორ-ორი  ქვაბით  დაჰქონდათ  საკვები  მწოლიარეებთან   და  როცა  ამ ქვეყნად  გავჩნდი,  მამა  საავადმყოფოს  პიჟამით  გამოჰპარვია  ექიმებს,  რათა  თავისი  ახლად დაბადებული  გოგონა  ვენახე. მე  ბოლომდე   ჯანმრთელი  მამა არ  მახსოვს,  რადგან  საავადმყოფოდან  გაწერილს,  დამატებით  კიდევ  გაუმეორა  ინფარქტმა  და  ახლა  უკვე  სამუდამოდ  დასჭირდა  ხელ-ჯოხი  და  ძნელად  აღიდგინა  წნევის  დარტყმით  წართმეული  მარცხენა  ხელ-ფეხი.  მიუხედავად  ამისა,  მაინც  ახერხებდა  ჩემს  გასეირნებას  ვაკის  პარკში,  რომლის  მახლობლადაც  ვხოვრობდით,  პატარა  ერთოთახიან  კომუნალურ  ბინაში,  ორი  სომეხი   ოჯახის  გვერდიგვერდ.
სკოლაშიც  პირველად  მამამ  წამიყვანა  და  მშვიდად  და  მოთმინებით  მელოდა  პირველკლასელს  გაკვეთილების  ბოლომდე,  რომ  შემდეგ ფალიაშვილის  ქუჩის  საკმაოდ  მანქანებუხვ  და  ხმაურიან  გადმოსასვლელზე  გადმოვეცილებინე.
ამ  ბედნიერებამ  სულ  2  წელიწადს  გასტანა,  მამა  კიდევ  უფრო  მძიმედ  შეიქნა  და  ახლა  უკვე  მარტოს  მიხდებოდა  ყურადღების  მოკრება  გადასასვლელზე,  რათა  ფალიაშვილის  ქუჩის  №82-ში    ჩვენი  სახლის  პირისპირ  მდებარე  ვაკის  54-ე  სკოლაში   აღმოვჩენილიყავი.
– საინტერესო მოგონებები უკავშირდება გამომცემლობა „სამშობლოს“, სადაც მამა მუშაობდა, მოგვიანებით კი თავად გიწევდათ სტატიების გამოსაქვეყნებლად რედაქციებში მისვლა….
– ბავშვობიდან კარგად  მახსოვს  ჩემი  და  მამის  რამდენიმე  ვიზიტი  მის  სამსახურში,  ანუ  გაზეთ  „კომუნისტის“  რედაქციაში  და  კიდევ  სხვა  მეზობელ  რედაქციებში, ძნელი  წარმოსადგენი  იყო  მაშინ,  რომ  ათეულობით  წლის  შემდეგ  მე, უკვე  ჟურნალისტის  სტატუსით  ვირბენდი  გამომცემლობა  „სამშობლოს“  სართულებზე,  სადაც  „ივერია-ექსპრესისა“  და  გაზეთ  „მოქალაქის“   რედაქციები  იყო  განთავსებული,  მამასავით  ვიდგებოდი  პირველ  სართულზე  ავტორთა  ჰონორართათვის  განკუთვნილ  სალაროსთან  ჟურნალ  „ხელოვნებაში“  დაბეჭდილი  სტატიების  ჰონორარების  მოლოდინში,  და  კიდევ, იმ  ფოტოლაბორატორიებში,  სადაც  ერთ  დროს  მამა  ამჟღავნებდა  შირაქისა და ელდარის   იალაღებზე  თავის   გადაღებულ  კადრებს,  მე  მომიწევდა  ჩემს  ფოტკორესპონდენტებთან  საქმიანი  საუბრები…
მამა  პარალელურად  ჟურნალ „საქართველოს  სოფლის  მეურნეობასა“  და  გაზეთ  „სოფლის  ცხოვრებაშიც“  ათავსებდა  კორესპონდენციებსა  და  ფოტორეპორტაჟებს.
ახლა,  რომ  ვათვალიერებ  იმჟამინდელი  პრესის  წლების  სიმრავლით  გახუნებულ-გაცრეცილ  ფურცლებს,  ძალიან  ვხალისობ,  რადგან  საოცრად  ვგრძნობ  ეპოქისა  და  დროის  ნიშანს: მისი  მეცხვარეები  საოცრად  ამაყნი,  ლამაზები  და  ლაღები  არიან, როგორც  ფილმის  ან სარეკლამო  ვიდეორგოლის  პერსონაჟები,  მომღიმარენი  და  ჯიშიანნი,  მეჩაიეებიც  საოცრად  ჰგვანან  ძველი  ქართული  ფილმის  კინოგმირ  ლამაზ  ქალბატონებს… ცხვრებიც  კი  ისე  დაწყობილან,  თითქოს  აღლუმზე  გამოდიან.  მამას ეს  უნიკალური კადრი  ჩაუჭერია  ერთგან:  ტერასებად  დასერილ  ფერდობზე  უთვალავი  ცხვარია  გაშლილი,  ბილიკები  პარალელურად  გასდევს  ფერდობს  და  ცხვრებიც  რიგში  დაწყობილები  მორჩილად  მისდევენ  ერთმანეთს. ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნება,  თითქოს  ვიღაცამ  საგანგებოდ  ჩაამწკრივა  ისინი  ფოტოსესიისათვის.   ამ  ფოტომ  საკავშირო  ფოტოკონკურსზე  მამას  პრემია  მოაპოვებინა.  დიპლომი  დღესაც   საოჯახო  არქივში  ინახება  და  მას  იმჟამინდელი  კულტურის  მინისტრი  ქალბატონ  ფურცევას ხელმოწერა  ახლავს.
დიდი  დროა  გასული, მაგრამ  დღესაც,  როცა  თბილისი-თელავის  გზაზე  ვმგზავრობ,  ცხვრის  ფარის  შეხვედრისას,  რაც  ჩვეულებრივი  სურათია  ამ  გზაზე  მოგზაურისათვის,  მუდმივად  მამის გადაღებული ის  ფოტო  მახსენებს  თავს  და  ისეთი  განცდა  მეუფლება,  რომ  ამ  ფარის  სახით  მამას ვხვდები,  ის  ჩემთანაა  და  კმაყოფილი  ღიმილით  მაცილებს  თვალით  და  გზას  მილოცავს.
მაშინ  ახლანდელი  გამომცემლობა  „სამშობლოს“  გვერდით   (რომელიც,  სამწუხაროდ, უკვე  აღარც  ამ  გამომცემლობისაა!) კიდევ  ერთი  სარედაქციო  შენობა  იდგა,  რომელიც  მოგვიანებით  დაანგრიეს. მახსოვს  მამის  მეგობარი,  არაჩვეულებრივი  ადამიანი,  მხატვარი  იულონ  კალაძე,  რომელიც  ხშირად  გვსტუმრობდა  და  ხატვის  სამყაროში  მათვითცნობირებდა.
მახსოვს  მამის  რამდენიმე  კოლეგა  ფოტოკორესპონდენტი,  მათ  შორის  ვალიკო  გენგიური,  რომლის  შვილებთან  მოგვიანებით  მე  როგორც  კოლეგასა და ჟურნალისტს  მომიხდა  თანამშრომლობა.  მახსოვს  პოეტები  და  მწერლები,  რომლებიც  მამას  ესალმებოდნენ,  მოიკითხავდნენ,  მე პატარასა  და  პუნტულას,  თმის  ჩაკუჭკუჭებულ  კულულზე  მეფერებოდნენ  და  კეთილ  სურვილებს  მაბედებდნენ.  ერთ-ერთი  გახლდათ  პოეტი  მუხრან  მაჭავარიანი,  რომელიც  გამორჩეულად  უყვარდა  მამას  და  მეც  დასწავლილ  ლექსებს  შორის  ყველაზე  ბეჯითად  მუხრანის  ლექსებს  ვსწავლობდი.  ერთხელ,  მეორე  კლასში  ვიყავი,   ჩვენს  სკოლაში  მუხრან  მაჭავარიანი  და  ირაკლი  აბაშიძე  მოიწვიეს.   მე,  რაღა  თქმა  უნდა,   მუხრანის  ლექსის  თქმა  მერგო  წილად.  მამამ  მისი  ლექსების  კრებული  გამატანა,  რომ  საღამოს  დასასრულს  ავტოგრაფი  ჩამომერთმია  საყვარელი  პოეტისთვის.  სამწუხაროდ,  მუხრანი  ვერ  მოვიდა  საღამოზე,  თუმცა  ლექსები  ყველას  გვათქმევინეს  და,  საფინალოდ,  როცა  ბატონმა  ირაკლიმ  ავტოგრაფების  დარიგება  დაიწყო,  მე,  მისი  ახოვანი  ფიგურის  წინ  თავდახრილი  და  მოწყენილი, მუხრანის  წიგნით  ხელში   აღმოვჩნდი.  როგორც  შინ  დამარიგეს,  კრებული  გავუწოდე, ბატონ ირაკლის  ჩაეღიმა: „ეს  რომ  ჩემი  ლექსები  არ  არისო“?!  მე  ისე  ავღელდი,  ლამის    გვარიანი  ღრიალი  ამოვუშვი,  ძლივს  ჩავყლაპე  ყელში  გაჩხერილი  ცრემლი,  მანაც  შემატყო  რა  ყოველივე,  გული  არ  დამწყვიტა  და ასეთი  წარწერა  გაუკეთა  მუხრანის  ლექსების  კრებულს:  „სახსოვრად  პატარა  ფიქრიას  ბიძია  მუხრანისაგან“!  და  ქვეშ  ხელი  მოაწერა – ირაკლი  აბაშიძეო.  რა-რა  და,  იუმორი  მართლაც  უხვად  მოსდგამდა  ცხონებულს… დღეს  ეს  კრებულიც  ჩემს  საოჯახო  ბიბლიოთეკაში  საპატიო  ადგილს  იკავებს…
თეატრმცოდნე ხართ.რით იყო დასამახსოვრებელი სტუდენტობა?
– შინ  ექიმობას  მაწონებდნენ, სკოლაშიც  დარწმუნებულნი  იყვნენ,  სამედიცინოზე  ჩავაბარებდი, დეიდა თამარი  ლინგვისტობას  მირჩევდა,  კიდევ სხვა  მათემატიკოსობას,  რადგან  თავისუფლად  ვხსნიდი  „კომაროველთა“  რთულ  მათემატიკურ  მაგალითებსა  და  ამოცანებს,  მე კი ავდექი  და,  ყველას  მოულოდნელად,  შოთა  რუსთაველის  სახელობის თეატრისა  და  კინოს  უნივერსიტეტში  ჩავაბარე,  თეატრმცოდნეობის  ფაკულტეტზე… ოღონდ  მაშინ  უბრალოდ,  თეატრალური  ინსტიტუტი  ერქვა.
არჩევანი  აბსოლუტურად  სპონტანურად  გავაკეთე:  ერთ  მშვენიერ  დღეს  გაზეთში  მისაღები  გამოცდების  განცხადებას   წავაწყდი,  საგამოცდო  საგნების ჩამონათვალს  რომ  გადავხედე,  ერთადერთი  სპეციალობა,  სადაც  მეტ-ნაკლებად  შემეძლო  ჩაბარება,  თეატრმცოდნეობა  მივიჩნიე  და  საბუთების  შეგროვება  დედასგან  ფარულად  დავიწყე. აქ  გამოცდები  დანარჩენ  უმაღლეს  სასწავლებლებზე  ადრე  იყო  დანიშნული  და  ჩემი  ბავშვური  გათვლით,  წარუმატებლობის  შემთხვევაში  მშვიდად  ვასწრებდი  სხვაგან  ჩაბარებასაც.
ოჯახში  არაფერი  იცოდნენ,  ისე  გავედი  პირველ  წერით  ტურზე  სპეციალობაში.  მეიღბლა  და  სწორედ  ის  სპექტაკლი  მოვიდა  სარეცენზიოდ,  რომლის  ნახვაც  სეზონის  დახურვამდე  რუსთაველის  თეატრში  მოვასწარი –  „ღია  შუშაბანდი“.  მეც  დავწერე,  მაგრამ   საგამოცდო  კომისიამ  სამიანი  მგლიჯა  და   ყურებჩამოყრილი  დავბრუნდი  შინ. თანაც  საგამოცდო  ნიშანს  რომ  ველოდებოდი  რუსთაველზე,  ინსტიტუტის  კარებთან  ატუზული,    დედის   თანამშრომელს  ტროლეიბუსის  ფანჯრიდან  დავენახე  და  ერთი  სიტყვით  „გასკდა“  ჩემი  ამბავი…
დედას  სიმართლე  გავუმხილე  და  ეტყობა  ისეთი  საწყალი  გამომეტყველება  მქონდა,  გაბრაზების  ნაცვლად,  შევეცოდე  და  სანუგეშოდ   ვახტანგ  ტაბლიაშვილთან  გამაქანა,  რომელიც  იქვე  მეზობლად,  მოსაშვილის  ქუჩაზე  ცხოვრობდა. ბიძია  ვახტანგმა  მისთვის  ჩვეული  ყურადღებითა  და  მოთმინებით  მოისმინა  ჩემი  საგამოცდო  თავგადასავალი  და  გარკვეული  რჩევები  მომცა,  თან  დაგვპირდა,  კომისიაში  ნათელა  ურუშაძეა  და  თუ  ხმა  მივაწვდინე,  ვთხოვ,  რომ  რითიმე  დაგეხმაროსო.
მაშინ  ასეთი  დრო იყო,  პატრონი  უნდა  გყოლოდა. მთლად  ჩვენი  კარის  მეზობელი  იყო  სარეჟისორო  კათედრის  გამგე,  ბატონი  გიზო  ჟორდანია,  მაგრამ  აბა,  როგორ  შევკადრებდით  შეწუხებას  და  მით  უფრო  დახმარების  თხოვნას.  მოგვიანებით,  როცა  ბატონმა  გიზომ   შეიტყო,  რომ  მე  მისდა  უჩუმრად  ჩავაბარე  თეატრმცოდნეობაზე,  იწყინა  და  დიდხანს  გაბუტულივით  მესალმებოდა:  როგორ  დამიმალე  ეს  ამბავიო?!  ბატონმა  ვახტანგმა  კი  აშკარად  ხმა  მიაწვდინა  ქალბატონ  ნათელას,  რადგან  ზეპირ  გამოცდაზე  სხვა  კომისიის  წევრებს  შორის   გაცილებით  კეთილგანწყობილი  იყო  ჩემ   მიმართ  და  მეც  გული  მომეცა  და  კარგად  დავიცავი  საკუთარი  ნაშრომი. თუმცა  კომისიის  თავმჯდომარემ  და  ინსტიტუტის  რექტორმა  ეთერ  გუგუშვილმა  მაინც  მომცა  ჩამჭრელი  კითხვა  ლენინის  ნაშრომიდან  „პარტიული ორგანიზაცია  და პარტიული  ლიტერატურა“,   რაც,  ცხადია, არ  ვიცოდი.  ცოტა  დამაკლდა,  რომ  არ  ავტირდი,  თუმცა  დიდი  სენტიმენტალობით  არასდროს  გამოვირჩეოდი  და  არც  ახლა  ვარ  კანფეტი. ისევ  ნათელა  ურუშაძე  შემომეშველა  და  საუბარი  სხვა,  წმინდა  სათეატრო  თემაზე  გადამიტანა.  ბოლოს და ბოლოს,  ოთხიანი  დამიწერეს  და სტუდენტობის  რაღაც  იმედი  გაჩნდა…
ქართული  ლიტერატურისა  და  ისტორიის  გამოცდებისა  ნაკლებად მეშინოდა,  რადგან  კარგად  ვსწავლობდი  და  ღირსეულად  ვიყავი  მომზადებული.  საერთოდ,  ჩვენს  ოჯახს,  როგორც  რიგით  ინტელიგენციის  წარმომადგენელს,   მუდამ  უჭირდა  ეკონომიურად,  ამიტომ  საკუთარი  თავის  იმედად  ვიყავი  მხოლოდ,  დედა  ვერც ერთ  საგანში  ვერ  მამზადებდა  კერძო  პედაგოგებთან.  ის  ზოგადი  განათლება,  რაც  იმ  წლებში  დავაგროვე,  მხოლოდ  ჩემი  სკოლისა  და  საკუთარი  შრომისმოყვარეობის  დამსახურებაა,  რაც  დამიფასდა  კიდეც  და  სამივე  გამოცდაში  უმაღლესი  შეფასება  – ფრიადი  მივიღე.  ასე  გავხდი  თეატრმცოდნეობის  ფაკულტეტის  სტუდენტი.  კურსზე  14-ნი  ვიყავით,  სამწუხაროდ, დღეს  აქტიურ  პროფესიაში ხუთნიღა  დავრჩით,  თუმცა  ისეთი  დრო  მოვიდა,  ვინღა  მოღვაწეობს  საკუთარი  პროფესიით,  ან  ვის  სჭირდება  ეს  თეატრმცოდნეობა,  როცა ხშირად   თავად  თეატრია  გადასარჩენი.
– სტუდენტობის პერიოდი…
– სტუდენტობის  ხუთმა  წელმა  სწრაფად  გაირბინა.  არაჩვეულებრივად  კარგი  პედაგოგები  მყავდნენ  სპეციალურ  დისციპლინებში:  ჯგუფის  ხელმძღვანელი  ნოდარ  გურაბანიძე, ქართული,  რუსული  და  უცხოური  თეატრის  ისტორიებს  ნათელა  ურუშაძე,  ვასილ  კიკნაძე  და  ელენე  თოფურიძე  გვიკითხავდნენ,  ნადეჟდა  შალუტაშვილი,  ნათელა  არველაძე,  ვახტანგ  ქართველიშვილი, პაოლა  ურუშაძე,  ამირან  აბულაძე,  რუსუდან  იმნაძე,  ვახტანგ   ჟვანია, ბეჟან  ჯავახია,  თამაზ  ქვარიანი,  ნათელა  ხურცილავა, მეშინია,  რომ  იმ  პედაგოგებს  გული  დაწყდებათ,  ვინ  ვერ  დავასახელე,  მაგრამ  ყველას  მაინც  ვერ  ჩამოვთვლი.
ერთი  ფაქტი  კი  განსაკუთრებით  დამამახსოვრდა  და  მინდა,  მოგიყვეთ:  „ისტმატს“  ანუ ისტორიულ  მატერიალიზმს  გვიკითხავდა  ძალიან  საინტერესო  წარსულის  მქონე  ქალბატონი  თამარ  კოსტანაშვილი,  რომელიც  სამამულო  ომის  ვეტერანი  იყო  და  არც  მეტი  არც  ნაკლები  ტანკისტი  გახლდათ.  ეს  ტანმორჩილი  და  საოცრად  რომანტიკული  ქალი,  უაღრესად  კდემამოსილი  და  შინაბერასთვის  დამახასიათებელი ზედმეტად  სადა  და  მოკრძალებული  სრულებით  არ  ჰგავდა  ტანკისტს  და  ამაზე  სტუდენტები  სულ  ვხალისობდით.  ჰოდა,  საფინალო  სესიაა  და  ვაბარებ  საგამოცდო  ბილეთს.  რაკიღა ფრიადოსანი  ვიყავი,  თან  სახელობითი  სტიპენდიატი,  რა  თქმა  უნდა,  ქალბატონმა  თამარმა  დამატებითი  კითხვები  დამისვა,  იოლად  ვუპასუხე.  პასუხებით  აშკარად კმაყოფილი  დარჩა  და  მატრიკულში  თავისი  აკურატული  კალიგრაფიით  ხუთიანი  ჩამიწიკწიკა,  მაგრამ  სანამ  გადმომცემდა,  წამით  შეყოვნდა,  შემომხედა  და  მითხრა:  რაღაც  მინდა  გირჩიოთ  და  იმედია,  არ  მიწყენთო… (სტუდენტებს  თქვენობით  მოგვმართავდა!)… მე  რაღაცნაირად დავიძაბე.. მან  კი  გამიღიმა  და  მითხრა:  „ფიქრია,  თქვენ  ზედმეტად  პრაგმატული,  მამაკაცური   აზროვნება  გაქვთ,  ქალს კი  უფრო  რომანტიკულობა  და  ქალურობა შვენის…  იქნებ  შეიძინოთ  პატარა  ბლოკნოტი  და  პოეტური  გამონათქვამები  ჩაინიშოთ,… ეს  დაგეხმარებათ  პოეტურობისა  და  სინაზის   განვითარებაშიო… უნდა  ვაღიარო,  რომ  არც  კი  მიფიქრია  მისი  თხოვნის  შესრულება,  რადგან  „შინაბერას“ რაღაც  მორიგ    აკვიატებად  მივიჩნიე,  მაგრამ  სამუდამოდ  კი  დამამახსოვრდა და  სულ  ვფიქრობ: ახლა,  როცა  ამდენი  ლირიკული  ლექსი და  ესსე  მაქვს  დაწერილი, ნეტა  რას  იტყოდა  ქალბატონი  თამარი,  თუნდაც ჩემი  ბოლო ლექსების  კრებული „პარალელური  განზომილება“  რომ  გადაეკითხა?!
სტუდენტობა სათეატრო  დარბაზებში  გავატარე… სულ  დავდიოდით  სპექტაკლებზე, ათჯერ  და  ასჯერ  ვნახულობდით  ერთი დ აიგივე  წარმოდგენებს  და  მერე  აქტიურად  ვარჩევდით,  თუ  იმ  დღეს  როგორ  იცეკვა  მიხეილ  ლავროვსკიმ  „ლიუზში“  ან  როგორ  ითამაშა  ზურაბ  ყიფშიძემ  „ჩვენს  პატარა  ქალაქში“…  ვესწრებოდით  რობიკო  სტურუას  რეპეტიციებს, ვათენებდით  და  ვაღამებდით  თეატრში,  ამ  ცნების  პირდაპირი  და  გადატანითი  მნიშვნელობით. გვქონდა  ამოჩემებული  სპექტაკლები: თემურ  ჩხეიძის „ჯაყოს  ხიზნები“,  რობიკოს  „კავკასიური  ცარცის  წრე“,  მიშა  თუმანიშვილის  „დონ  ჟუანი“,  ნუგზარ  ლორთქიფანიძის  „წუთისოფელი  ასეა“, გიზო  ჟორდანიას  „ანა  ფრანკის  დღიური“,  „სამანიშვილის  დედინაცვალი“,  „ამაღამ  მგონი  იქნება  ქარი“  და  „ჰამლეტი“,  ბალეტები  „ჟიზელი“  და  „დონ  კიხოტი“  „პორგი  და  ბესი“  და  „სერენადა“,  ოპერები  „და  არს  მუსიკა“  და  „აბესალომ  და  ეთერი“,  „რიგოლეტო“  და  „ბალ-მასკარადი“ –  ჩამოთვლა  შორს  წაგვიყვანს…
გარდა  უშუალოდ  ჩემი  პედაგოგებისა,  მქონდა  ბედნიერება,  ათიოდე  წელი  გამეტარებინა ისეთი  არაჩვეულებრივად  ნიჭიერი  რეჟისორის,  ხელოვანისა  და  პედაგოგის  გვერდით,  როგორიც  ბატონი  ნუგზარ  ლორთქიფანიძეა,  და  შეიძლება  ითქვას,  რეალურად,  თუ  რა  არის  თეატრი,  რას  ნიშნავს  ცხოვრობდე  თეატრში,  თეატრისათვის  და  თეატრით,  მან  მასწავლა.   ის  წლები,  რომლებიც  მე  ბატონი  ნუგზარის  გვერდით  გავატარე,  ცალკე  მოგონებათა  წიგნად  გახსენებას  იმსახურებს  თავისი  საინტერესო  სასწავლო  და  სარეპეტიციო  პროცესით,  მოლდავურ-რუმინული  მოგზაურობის  დღიურებითა  და  ერუდიციის,  იმპროვიზაციის,  ფანტაზიისა  და  იუმორის  ფეიერვერკით.  ამას  რა  ფორმატი  ეყოფა?! მით  უმეტეს,  რომ  ჩემი  პირველი  საჟურნალე  პუბლიკაცია  მისი  გორის  დადგმის  რეცენზია  გახლდათ  რაფიელ  ერისთავის  „ჯერ  დაიხოცნენ,  მერე  იქორწინე“-ზე  და  ახლა  როცა  მეათედ  დადგა  ნუგზარმა  იგივე  პიესა  თელავის  თეატრში,  თითქოს  განვლილი  წლები  არც  ყოფილიყოს:  სპექტაკლზე  მჯდომს  თავი  ის  მეორე  კურსის  სტუდენტი  მეგონა,  ღელვით  რომ  ველოდი  თანაკურსელთან  ტანდემში  შექმნილი  თეატრმცოდნეობითი  ოპუსის   დაბეჭდვას  ჟურნალ  „თეატრალური  მოამბის“ (ახლანდელი  „თეატრი  და  ცხოვრება“)  ფურცლებზე.  დღეს  ერთად  ვიხსენებთ  „ჩვენს  ჩაჩნებს“ ანუ  მოლდაველ  მსახიობებს,  რომლებთანაც  დღემდე  მაკავშირებს  თბილი  მოგონებები  და  ბედნიერი  ვიყავი,  როცა    მიხაელა  სტრიმბანუ, ინა ანდიუცა, ვალერიუ ანდრიუტე  და  იონ  მუნტიანუ  „ფეისბუკზე“  აღმოვაჩინე  და  „ხელახლა“  დავიმეგობრე.
როგორც თეატრალური კრიტიკოსი წლების განმავლობაში მუშაობდით სპეციალობით და არაერთი გაზეთის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი იყავით. არაერთი წერილი, ესეი, გამოკვლევამაშინ დაიწერა
გუშინდელ  დღესავით  მახსოვს  მიტინგებით  გადაკეტილი  რუსთაველი  და  ახლაც  ყურში  ჩამესმის  გურამ  პეტრიაშვილის  პარადოქსები,  მახსოვს  ჟურნალისტ  მზია  ბაქრაძის  რადიო  ოპუსები  და   ფეხით მოსიარულეთათვის  ნაომარ  და  გადამწვარ  რუსთაველზე  პირველი  გასვლა.  მახსოვს,  როგორც  ბავშვობაში  ვაკის  პარკში  რკოს,  ისე  ვაგროვებდი  გილზებს და  თან  ჩემს  მოლდაველებს  ვეუბნებოდი:  შეხედეთ  და  კარგად  დაიმახსოვრეთ  ეს  კადრები,  რომ  თქვენ  არასდროს  დაუშვათ  ის  საშინელი  შეცდომები, რაც  ჩვენ  ქართველებმა  ვერ  ავიცილეთ-თქო. იონკა  მუნტიანუ  ხომ ომის  დღეებში  ვორონცოვზე  ბრმა  ტყვიით შემთხვევით  დაიჭრა  კიდეც  და  მე  მომიხდა  მისი  მოვლა.   მახსოვს  დღეში  ორჯერ  როგორ  მივდიოდი ვაკიდან  ფეხით  საჭმელ-სანოვაგით  დატვირთული  „მიხაილოვის“  საავადმყოფოში,  სადაც  მიიყვანეს  იგი. რუსთაველი  და  მისი  მიმდებარე  უბნები  ომის  ცეცხლში  იყო  გახვეული. პლეხანოვზე  კარგად  ისმოდა  რუსთაველზე  მოგუგუნე  ქვემეხები  ხმა  და  წვიმასავიით  ცვიოდა  ტყვიები  და  მე  იძულებული  ვიყავი  შენობებს  შორის თავისუფალ  სივრცეებში სწრაფად  გამერბინა,  რომ  უსაფრთხოდ  მიმეღწია  საავადმყოფომდე.  ერთხელ  ხილის  გასარეცხად  შევედი  საავადმყოფოს  საპირფარეშოში  და  ჩემს  თვალწინ  ფანჯრიდან  შემოვარდნილმა  ტყვიამ  ყურთან  გამიწუწუნა,  ჩემს  წინ  სარკეს  მოხვდა  და  ჩამოიფშვნა,  გადავრჩი,  რომ,  ჯერ  ერთი,  არ  მომხვდა  და  მერე,  სარკის  ნამსხვრევებმა  ვენები  არ  გადამიჭრა. იმ  დღეებში  კიდევ  ორი  მოლდაველი  ვერ  გაფრინდა  კიშიონიოვში :  ინა  და  ვალერიუ,  რადგან  აეროპორტი  დაიკეტა  და  ჩემთან  ცხოვრობდნენ.  მე  და  დედას  თავად  გვიჭირდა  საკვები  და  ჩემი  მეგობარები  მეხმარებოდნენ  სანოვაგით.  Aასე  ერთად  გამოვიზამთრეთ,  გავუძელით  გაჭირვებას,  ფეხზე  წამოვაყენეთ  დაჭრილი  იონკა  და  ახალ  წელსაც  შევხვდით,  ოღონდ, ყოველგვარი  გოზინაყისა  და  საცივის  გარეშე,  და  მაინც  იმედიანები  და  ბედნიერები. ასეა,  როცა  ახალგაზრდა  ხარ,  მართლაც,  იოლად  უძლებ  ყოველგვარ  განსაცდელს.
მძიმე  წლები  დიდხანს  გაგრძელდა,  უფრო  სწორედ  ჩვენ  გვეჩვენებოდა,  რომ  გაიწელა,  სინამდვილეში,  ყველაზე  რთული  პერიოდი  შედარებით  იოლად  დასრულდა:    განა  რა  დროა  ისტორიისათვის  5  წელი,  ჩვენ  კი  გვეჩვენებოდა,  რომ  არასდროს  დამთავრდებოდა  პურის  რიგები,  სიცივე,  შიმშილი, სიბნელე  ქუჩებში  და  ადამიანების  გონებაში…დღეს  რომ  ვუყვები  ჩემს  შვილებს,  როგორ  ვდგებოდი  ღამის  4  საათზე  პურის  რიგის  დასაკავებლად, ან  როგორ  ვადუღებდი  ფინჯან  ყავას სანთლის  ალზე,  რა  ფუფუნება  იყო  ადუღებული  წყლით  სავსე  ჩაიდანი  ან  ოდნავ  მბჟუტავი  რეფლექტორის    სითბოზე  შემთბარი  ხმელი  პურის  ნაჭერი,  ვგრძნობ,    ზრდილობის  გამო თანაგრძნობით  მეთანხმებიან  და,  ალბათ,  გულის  სიღრმეში  ჰგონიათ,  რომ  დედა  რაღაცას  აჭარბებს  ან  ფერების მეტი  გამუქებით „აგრესიული ომის რომანტიზმის“  საბურველში  ხვევს  საკუთარი  ახალგაზრდობის  წლებს.  არადა,  ფაქტია,  რომ  იმ  წლებმა  ჩემს  თაობას  ბევრი  განაცდევინა,  აი,  ჭკუა  კი, ვერა  და  ვერ  ასწავლა,  მით  უფრო  პოლიტიკაში…
ვმუშაობდი  ბევრს  და  თავგანწირვით  და  ახლა  ვფიქრობ,  რომ  ის  რთული  პერიოდი  ჩემმა  თავდაუზოგავმა  შრომამ  გადამატანინა. „დავრბოდი“  თეატრალური  ინსტიტუტიდან  კულტურის  ინსტიტუტში,  კულტურის  ინსტიტუტიდან  ქორეოგრაფიულ  სასწავლებელში,  იქიდან  რედაქციებში,  რედაქციებიდან  თეატრებში… ვწერდი  ბევრს  და  განურჩევლად  თემისა  და  სპექტაკლების  ხარისხისა,  რადგან  მიმაჩნდა,  რომ  სათეატრო  მიმომხილველმა  მხოლოდ  დადებითი  სტატიები  არ  უნდა  წეროს  და  მხოლოდ  მავანის  გულის  გასახარად  არ  უნდა  აწრიპინოს  კალამი.  იმ  ხანებში  ბევრი  რეჟისორი  თუ  მსახიობი  მოვიმდურე  და  მერე  ჩემი  ქმარი  ხშირად  ხუმრობდა  ხოლმე,  რეჟისორებმა  და  არტისტებმა  ჩემზე  სანთლები  უნდა  ანთონ,  რომ  ცოლად  შეგირთე,  თელავში  წამოგიყვანე  და  ერთი  ყველაზე  ენამწარე  თეატრმცოდნე  მოვაცილე  თბილისის  თეატრებსა  და  საგაზეთო  ფურცლებსო…
როდის დაიწყეთ წერა? პირველი ნაწარმოებები
– წერა სკოლის წლებიდან დავიწყე, თუმცა პირველი სერიოზული განაცხადი გახლდათ მოთხრობა „ერთხელ აქ, ამრიკაში“, რომელიც მონაწილეობდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში „ბესტსელერი“ 1999 წელს და მეორე პრემია დაიმსახურა. მერე იყო რამდენიმე ნოველა და პიესა   „ლიბერტანგო“ , რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა… მას მერე ვწერ და ვწერ …ლამის „წერას ვარ ატანილი“!
დაოჯახების შემდეგ თელავში მოგიწიათ გადასვლა (მეუღლე თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძეა)… ორი შემოქმედის შეხვედრა კიდევ სხვააალბათ ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა?
– ამბობენ, როგორც  აპრილში  დაბადებულს,  ხასიათი  ნამდვილი ვერძის  მაქვს,  შემტევი  და  მიზანსწრაფული.  ხშირად  შევუდარებივარ  მავანს  მამაკაცისათვის ვაჟკაცურობითა  და  პრინციპულობით,  ჩემი  ქმარი   დღემდე  მეხუმრება:  შემთხვევით  ხარ  ქალად  დაბადებული,  ტანგოს ცეკვის  დროსაც  კი    მამაკაცივით  მიგყავს  „პარადიო“!..  არ  ვიცი,  ეს  ალბათ,  არც  თუ  კარგია,  რადგან  ნამდვილი  ქალი,  ეტყობა,  უფრო  ნაზი,  სათუთი,  რომანტიკული  და  ცოტა  თავქარიანიც  კი  უნდა  იყოს,  როგორც  თელავში  იტყოდნენ,  „უხდება  კიდეცა“!  მაგრამ  ახლახან ჩემი  გვარის  წარმომავლობის  ისტორია  მომაწოდა  ჩემმა  მეგობარმა  და  აღმოვაჩინე,  რომ  ყუშიტაშვილები  ფშავლები  ვყოფილვართ,     ზ.  გიუნაშვილის  მიერ  მოწოდებული  ეთნოგრაფიული  მონაცემებით  ყუშიტაშვილები  ფშავიდან  არიან  გადმოსახლებულები  XVII  საუკუნეში და  ამ  გვარისათვის  საფუძველი  დაუდვია  ვინმე  ყუშიტას. ჰოდა,    გაირკვა  ჭეშმარიტი  მიზეზი  ჩემი   ხასიათის  თავისებურებებისა:  ფშავლის  ასული  ვყოფილვარ  და  ეტყობა  იმადაც  მახალისებს  „არაგვზე  დეკას  ყვავილობა“!  და  თამამი   გამოწვევა  ცხოვრებისა…
ხშირად  მეკითხებიან:   ბედნიერი  ვარ  თუ   არა  და  ყოველ  ჯერზე  მე  ერთი და იმავეს  ვუპასუხებ:  როცა  ქალი  თხოვდება  სიყვარულით  და  სიყვარულზე  დაფუძნებულ  ოჯახს  ქმნის,  როცა  სასურველი  და  საამაყო  შვილები  ჰყავს,  როცა  შინაურსა  და  გარეულს  მასთან  სტუმრობა  ახარებს  და  ენატრება  და  როცა  რთული  ცხოვრებისეული  რიტმისა  და  პირობების   მიუხედავად  პოულობს  დროსა  და  შინაგან  ძალებს  შექმნას საკუთარი  მიკროსამყარო  და  აკეთოს  საყვარელი  საქმე,  რატომ  არ  უნდა  გრძნობდეს  თავს   ბედნიერად?!
სახლში  საოჯახო  საქმეებს  მუდამ  ჩემი  ხელით  ვაკეთებ.  იშვიათად  გვაქვს  იმის  ფუფუნება  ეგრეთ  წოდებული,  „ქალი“  დავიხმარო.  უნდა  ვაღიარო,  ეს  „სახლობანას  თამაში“ დიდად  არ  მხიბლავს,  რადგან  მიმაჩნია,  რომ ადამიანის  ცხოვრება  იმდენად  ხანმოკლეა  და  წამიერი,  საცოდაობაა  პირდაპირ,  დრო  და  ენერგია  ამ  ყოფით  რუტინას  დაუთმო,  როცა  ირგვლივ  ამდენი  საინტერესო  ურთიერთობა  და  სფერო  არსებობს,  სადაც  შეიძლება  გაცილებით  ნაყოფიერად  დაიხარჯო,  თუმცა  პასუხისმგებლობის  გრძნობა  იმდენად  გამჯდარია  ჩემში  ბავშვობიდან,  რომ  მაინც  ყველაფერს  ვაკეთებ  და  თან  საკუთარ  თავს  მედიტაციის  მსგავს  შთაგონებას  ვუტარებ,  რომ  ეს  საშინაო  საქმეები  უფრო  სახალისო  და  იოლად  დასაძლევი  იყოს. მიმაჩნია,  რომ  როგორც  დიასახლისი,  არ  ვბრწყინავ,  თუმცა  ჩემს  ოჯახში  სანადიმო  სუფრები  ლამის  ყოველ  მეორე  დღეს  იშლება  და  თანაც  ერთი  ადამიანიც  რომ  იყოს  სტუმარი,  მაინც  თხუთმეტ  კაცზე  უნდა  გავშალო,  რადგან,  რა  იცი,  ვინ  შემოგესწრება?! ბავშვობასა  და  ქალიშვილობაში  დედა  თავისებურად  მანებივრებდა  და  კარტოფილზე  და  კვერცხზე  მეტად  არაფერი  მომიმზადებია,  სადილები,  დიდი  სარეცხები  და  მსგავსი  ამბები  მოგვიანებით,  ოჯახური  თანაცხოვრებისას  ვისწავლე  და  ამბობენ,  გემრიელი  ხელი  მაქვს,  მე  კი  ასე  ვიტყოდი: ან  არ  ვიცი  და  არ  ვაკეთებ,  ან  თუ  ვაკეთებ,  აუცილებლად მაღალ რეგისტრში.  სხვაგვარად  არ  შემიძლია.  ამას  წინათ  მითხრეს: პერფექციონისტი  ხარო…  ეტყობა  ვარ,  რაკი ვანო იანტბელიძის  ცოლობა  მარგუნა  განგებამ,  მის  გვერდით  ხომ  სხვაგვარად  ვერ  იცხოვრებ!..
მოთხრობების პირველი კრებულიერთხელ აქ, ამერიკაში“ 2000 წელს დაისტამბა. მაშემდეგ კიდევ ოთხი კრებული გამოეცით (მათ შორის ერთი პოეტური კრებული). ბუნებრივია, ყოველ კრებულს ახალი სათქმელი მოსდევდა
–  რასაკვირველია, ყველა კრებულს, პროზაულსა თუ პოეტურს თავისი ბიოგრაფია, საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც მხოლოდ ავტორისთვისაა  საგულისხმო და ფასეული. პირველი „ერთხელ აქ, ამერიკაში“ და მომდევნოც – „ქათმის გრიპი“ ლიტერატურულ კონკურსებში გამარჯვების სითამამითაა  მოტივირებული, წახალისებული და დაფინანსებული, პოეტური კრებული თავიდან ბოლომდე კერძო სპონსორის დამსახურებაა, დანარჩენი სამი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დონაციითაა დასტამბული.
ეს ფინანსურ ამბებს რაც შეეხება, შინაარსითა და ხასიათით კი, ყველა ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია და ვერცერთს გამოვარჩევ – ეს ყოველივე ჩემი ცხოვრებაა და ანა მანიანისა არ იყოს, არც წლებს ვმალავ და არც ნაოჭების გალამაზებას ვცდილობ, რადგან მათში საკუთარ თავს ვხედავ და ჩემი ცხოვრების ამბებია   ასახული.

სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული რომელი კონკურსის ჯილდოს გამოარჩევდით თავად?
– ჩემთვის ჯილდო არასდროს ყოფილა თვითმიზანი და არც დღესაა, მიუხედავად იმისა რომ 1999 წლიდან სისტემატურად ვმონაწილეობ სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში და არაიშვიათად ვიმარჯვებ კიდეც. ამ მხრივ გამორჩეული უთუოდ პირველი ჯილდოა – კონკურს „ბესტსელერში“ მონიჭებული მეორე პრემია მოთხრობისთვის – „ერთხელ აქ, ამერიკაში“, რადგან მან ამგვარი საავტორო კონკურენციის პირველი გამარჯვება მომაპოვებინა და მეტი თავდაჯერებულობა მაგრძნობინა. შემდეგ იყო „პენ-მარათონის“ პირველი პრემია და ვერცხლის დიოგენე და, რა თქმა უნდა, რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსი.
მე გამორჩეულად მიყვარს ბატონი რეზო და მისი სახელობის ლიტერატურული ჯილდო ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და მეტად გათამამებს, როგორც ავტორს. გასულ წელს იაკობ გოგებაშვილის პრემია რომ მომანიჭეს „შემოქმედებითი საქართველოს“ ყოველწლიურ კონკურსზე  პიესისათვის, უზარმაზარი სიხარულის მომტანი გახლდათ და მეტი მოტივაცია ვიგრძენი დრამატურგიაში საასპარეზოდ. მას მერე დაისტამბა პიესების კრებული „ჩვენებური ამბები“, რომელშიც ის რვა პიესა შევიდა, რომელთა დასტამბვას მანამდე ვერ ვბედავდი.
თელავის  მერის მოადგილე ხართ. ოჯახი, სამსახური, წერადიდ დროს მოითხოვს. როგორ ასწრებთ ყველაფერს?
– მე მაქვს მარტივი რეცეპტი – სანამ უნარი და სურვილი არსებობს, არ დაიზარო, არ გაჩერდე , არ მოდუნდე, რადგან მაშინ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვხდები არასაინტერესო პერსონა. როცა საკუთარი თავისთვის ხარ უინტერესო, რატომ უნდა აინტერესებდე სხვას? – ხომ, მართალია?! ვცდილობ, დღე-ღამის 24 საათი იმგვარად გადავანაწილო, რომ ძირითადი საქმე  არ დავაზიანო, თან ყველა დაკისრებული პასუხისმგებლობა შეძლებისდაგვარად, პირნათლად შევასრულო და რაც ყველაზე მეტად მიყვარს, – წერა, – არ დავივიწყო. ანუ მე იმ ფსიქოტიპის ფორმატში ვარ, რომ აღწერა  არ შეუძლია… ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივი რეცეპტია, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან სასარგებლო… წერას, ისევე როგორც ნებისმიერ უნარს, წვრთნა სჭირდება, თორემ ისე დაბლაგვდება აზროვნება და ფანტაზია, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა, როცა ვხვდები, რომ რაღაც გამოვიდა, ასეთ წუთებში სულ მურმან ლებანიძე  მახსენდება: „კოჭლი სტრიქონი ერჩიაო მთელს იმპერიებს“…
ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თქვენს ცხოვრებაში?
– როცა დედა გავხდი – 1996 წლის 9 აპრილი, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავადაც 9 აპრილს მაქვს დაბადების დღე… მანამდე დიდად არ მიყვარდა ეს დღე და მისი განსაკუთრებულად აღნიშვნასაც გავურბოდი… ახლა სხვაგვარადაა – უფალმა მინიშნება მომცა ერეკლეს სახით, რომ დავაფასო სიცოცხლის დაბადების ყველა წუთი და წამი…
შთაგონებაროგორ მოდის?
– სპონტანურად… შეიძლება სრულიად პროზაულად სამზარეულოში ვიდგე და რამე , გემრიელ კერძს ვამზადებდე და პარალელურად, რომანტიკული ლექსი დაიბადოს, ან უკიდურესად გადაღლილს მთელი დღის რუტინით, ნახევრად ძილ-ბურანში მყოფს მომავალი პიესის სიუჟეტი მომაფიქრდეს… სამსახური რთული და დაძაბული მაქვს, საჯარო მოხელეობა რთულია ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში, თან თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ირიცხები. მაგრამ საჯარო სამსახური მეხმარება კიდეც, რადგან ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობა საუკეთესო წყაროა შთაგონებისა და ფანტაზიისათვის. ასე იბადებიან პერსონაჟები თავისი ხასიათითა და ინდივიდუალობით.
რომელიმე ნაწარმოების დაწერის საინტერესო ამბავი
– ეს ამბავი რევაზ ინანიშვილის კონკურსში მონაწილე მოთხრობას „დატირებას“ უკავშირდება, ბევრს არას ვიტყვი – მკითხველმა უბრალოდ უნდა წაიკითხოს და ყველაფერს უჩემოდაც მიხვდება…
ქალი და დღევანდელობათქვენ დაამთავრეთ აზრი
– ცოდოა ქალი, ქართველი ქალი, სკაიპითა და მესინჯერით შვილებისა და შვილიშვილების აღმზრდელი, თავად რომ იკლებს ყველა სიამოვნებას, რომ ქმარ-შვილს ორი გროში გამოუგზავნოს….
ცოდოა ქალი, ქართველი ქალი, ხშირად დაუფასებელი და შეუფასებელი, შურისმაძიებელი მამრისგან, ვერშემდგარი, ხელმოცარული ლიბიდოს მქონე, უბიოგრაფიო არსების მსხვერპლი, ქალი, ლამაზი, ნიჭიერი, მშრომელი, მზრუნველი, ასგზის მაგარი, ვინემ რომელიმე უცხო ლამაზმანი – პენელოპე ან ჟაკლინი, ქალი, უგზო-უკვლოდ მაძიებელი ბედნიერებისა, რომელიც ცხოვრების გაურკვეველ გვირაბში სინათლის სხივადაც არ იჭყიტება… მძიმეა, მაგრამ ფაქტია….
ჰობი
– ძალიან მიყვარს ყვავილების გახარება, მოვლა-ფერება, მიყვარს ხელნაკეთი აქსესუარების მოფიქრება და შექმნა, მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ თუ პირველი ორი ჩემს ცხოვრებაში რეალობად ვაქციე, მესამეზე – ბოდიში – რეზო ინანიშვილის პერსონაჟისა არ იყოს, „ვარ და ვტრიალებ ჩემს ეზო-ყურეში პალოზე ჯაჭვით დაბმული ძაღლივითა“ …
თელავირას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– თელავი ის თვითკმარი ქალაქია თავისი ისტორიით, კულტურით, ზნე-ჩვეულებით, ტრადიციითა და ეზო-ყურეებითა, ბევრს არაფერს შევცვლიდი, აი მხოლოდ ახალგაზრდებს მეტად გავუჩენდი საზრდოს, რომ არ გაუჩნდეთ სურვილი სადმე დიდი ხნით გადახვეწისა და რომ არ დაბერდეს ერეკლე პაპასავითა ქვეყნის ჭეშმარიტად სატახტო და ბურჯი….
რისი პატიება არ შეგიძლიათ?
– ქრისტიანი ვარ და ჩემი რწმენა  მიმტევებლობას მკარნახობს, მაგრამ არის გარემოებები, სადაც უძლური ვარ… განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სხვას ეხება და არა პირადად, მე …სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას, ბედნიერებას… ამ დროს ვგრძნობ, რომ ვერ ვპატიობ  და ესაა ჩემი, როგორც მორწმუნის სისუსტე… ამ წუთებში ისევ ლიტერატურა მეხმარება – შურისძიებას  ტექსტში და ტექსტით ვახორციელებ და წამსვე მოდის დიდი გათავისუფლების დიადი სიმსუბუქის შეგრძნება…

– დიდი ოჯახი გაქვთ….
– მე  და  ვანომ  გაცნობიდან  მეშვიდე  წელს  გადავწყვიტეთ  შეუღლება, შეუღლებიდან  მესამე  თვეს  დავიწერეთ  ჯვარი  გელათში  და  ქორწინებიდან  მეათე  წელს  მოვაწერეთ  ხელი  თელავის  ქორწინების  სახლში.  ახლა  ერთად  ვხუმრობთ  ამ  თემაზე: იმ  წელს  „პენ-მარათონში“  ვმონაწილეობდი  და  უფლისციხეში  რომ  მივდიოდი,  ჩემი  ქმარი  მეხუმრა:   ხელს  არ  მოგიწერ,  თუ  პირველ პრემიას  არ  აიღებო.  პრემია,  მართლაც,   პირველი  ავიღე  და  ისიც  „იძულებული“  გახდა,  ხელის  მოწერაზე  დამყოლოდა,  რაზედაც  სულ  მაშაყირებს:  ისე  უნდოდა,  ხელი  მოგვეწერა,  თავი  მოიკლა,  რომ  პირველი პრემია  მიეღოო.
არაგულჩვილი  და  ობიექტური  დედა  ვარ  ამ  შემთხვევაში:  ზოგჯერ  ძალიან  მკაცრიცა  და  მომთხოვნიც.  თავად  რთულ  ეკონომიკურ  პირობებში  გავიზარდე,  ამ  მხრივ  არც  ვანოს  ჰქონია  დალხენილი  ბავშვობა  და  ახლა  ორივე  მთელ  ძალისხმევას  შვილების  უზრუნველი  ყოფის  კოშკების  აშენებითა  ვარ  დაკავებულნი,  რომ  რაც  ჩვენ  დაგვაკლდა, გვინდა,  ჩვენს  შვილებს  მაინც  აესრულებინოთ  საკუთარი  ოცნებები,  და  მაინც,   მიმაჩნია,  რომ  სრულებით  არაა  ტრაგედია,  თუ  ყველა  კაპრიზს  ვერ  შეუსრულებ  შვილს:  იქნებ,  ის  უფრო  შეუწყობს  მისი  პიროვნული  ინდივიდუალობისა  და  ცხოვრებისეული  ბრძოლისუნარიანობის  ჩამოყალიბებას,  თუ  მიხვდება,  რომ  ცხოვრება  მხოლოდ  დადებითი  ემოციებისა  და  ნათელი  ფერებისგან  არ  შედგება  და  ლანგარზე  მზა-მზარეულად  არაფერი  მოდის – თავდაუზოგავი  შრომა  და  მიზნისაკენ  დაუღალავი  სწრაფვაა  საჭირო,  თუ  გინდა,  რომ  საკუთარი  ადგილი  იპოვო  საზოგადოებაში  და  არ  გერქვას  უიღბლო  და  ხელმოცარული…
და  კიდევ,  მწამს  და  მჯერა,  რომ  ადამიანს  უნდა  შეეძლოს, ნებისმიერ  დროსა  და  ვითარებაში  არ  შეუშინდეს   ყოფით  სირთულეებს  და შეეძლოს ცხოვრების  ხელახლა  დაწყება.  ასეა დღემდე  ჩემი  მეუღლეც  და,  ალბათ,  იმიტომ  შეგვახვედრა  ღმერთმა  ერთმანეთს…
მე  28  წლის  ასაკში თბილისში დაბადებულმა  და  გაზრდილმა,  სიყვარულს  ფეხდაფეხ  ადევნებულმა,  მივატოვე  აწყობილი  კარიერა  და  ურთიერთობები  და   თელავში, ხელახლა  დავიწყე  ახალ  გარემოში  საკუთარი  ადგილის  ძიება. თეატრმცოდნე  კრიტიკოსიც  ვყოფილვარ,  პედაგოგიც,  ჟურნალისტიც, ბუღალტერიც,  სასაცილოა  და  ბროკერიც  კი  „კავკასიის  ბირჟაზე“, სათეატრო  კოსტიუმები  შემიკერია და  ფეხბურთის  მატჩის  საზეიმო  გახსნაც  დამიდგამს. ჩემი  და  თელავის  თეატრისა  ურთიერთობა  ხომ  ერთი  ცალკე  რომანის  ტოლფასია,  რომელსაც  თუ  დამცალდა,  ალბათ,  ოდესღაც  დავწერ…
ცხოვრებაში  რაღაც  გამომივიდა,  რაღაცები  დღესაც  ლამაზ  და  შორეულ  ქიმერებად  მრჩება,  მაგრამ  მთავარია,  რომ  არასდროს  მშინებია,  დამეწყო  ყოველივე  თავიდან,  არასდროს  დამზარებია,  მესწავლა  რაღაც ახალი, აი ზუსტად ისე, როგორც ამ 12 წლის წინ საჯაროს სამსახურის ავანჩავანი შევისწავლე, არასდროს მომბეზრებია,  აღმომეჩინა  ახალი  ურთიერთობები   და  ადამიანები  ჩემ  ირგვლივ.
ერთი  დღე  არ  მიცხოვრია  უსიყვარულოდ  და  რამდენი  წელიც  არ  უნდა მქონდეს  დადგენილი  უფლისაგან,  მჯერა,  ასე  იქნება ბოლომდე: სიყვარულში, სიყვარულით და სიყვარულისათვის! ანუ როგორც ერთ  თქმულებაშია:  „მხოლოდ  მაშინ  ვარსებობ,  როდესაც  მიყვარს“!
მჯერა  სულის  უკვდავებისა  და  კიდევ იმის, რომ  სანამ  გიხარია, სანამ  გენატრება, სანამ  გაინტერესებს  და  სანამ  გიყვარს, არსებობ! მე  მიხარია, მენატრება,  მაინტერესებს და  მიყვარს! და  როცა  ასე  აღარ  იქნება, ალბათ,  მეც  აღარ  ვიქნები!  რა  მარტივია,  არა?!  თქვენ  რა,  სხვაგვარად   ფიქრობთ?!…
– შვილები…
– ულამაზესი,  თმაკუჭკუჭა  და  ონავარი თამთა  9  წლისა  შემოვიდა  ჩემს  ცხოვრებაში (10  წლის  დაბადების  დღე  ერთ  ოჯახად  აღვნიშნეთ!)  და  ასე  მგონია,  რომ  ჩემი  გაჩენილია,  ხანდახან  ისე  მგავს  რაღაც  თვისებებში  და  დამოკიდებულებებში.  ხან  გვამსგავსებენ  კიდეც,  ვინც  არ  იცის,  ჩემი    გენეტიკური  შვილი  ჰგონია.. .ისე,   მე  არ  გამიჩენია,  თორემ    ფაქტობრივად,  ასეცაა,  როცა სულ  პატარაობის  ასაკიდან  უყრი  საფუძველს ბავშვის  პიროვნულ  ნატურას,  ძნელია,  მერე  იპოვო,  სად  სრულდება  გენეტიკა  და  სად  იღებს  სათავეს  წვრთნა  და  აღზრდა-განათლება. თამთა  ახლა  ნამდვილი მშვენიერი ლედია, ოკეანის გადაღმა ცხოვრობს, მოყვარული ოჯახი აქვს, უთბილესი და  უკეთილშობილესი  მეუღლე,  რომელსაც  სიცოცხლეზე  მეტად  უყვარს  და  ეთაყვანება, ჰყავს თავისნარი თმაკუჭკუჭა ორი შვილი, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებშია: ხოტა ბიჭი და კოხტა გოგო – 11 წლის იოანე და 8 წლის ელენე და  მე  ბედნიერი  ვარ,  რომ  მას  ასე  ეიღბლა: თამთა  ლამაზია  გარეგნულად,  მაგრამ  კიდევ  უფრო  მშვენიერია  შინაგანად,  ძალიან  სათუთია  და  მგრძნობიარე,  მაგრამ  იმავდროულად  პრინციპულიცა  და  ჯიუტიც  და  ძალიან  უნდა  იცნობდე  მას,  რომ  მიხვდე, რა  უძვირფასესი  სამყარო  იმალება  ამ  ნუშისებრი  მომწვანო  მომაჯადოებელი თვალების  იდუმალი  მზერის  მიღმა  და  რაზე  სევდიანობს,  როცა  ნატიფი  თითებით  თმის  კულულს  კოხტად  ხლართავს…
ერეკლეც, რომ  იტყვიან, უკვე  მომესწრო,  დიდი  ვაჟკაცია  და  შემიძლია  სიამაყით  ვთქვა,  რომ  ღირსეული  კაცია, ერთგული, საიმედო მეგობარი და იმედი: ამბობენ, საკუთარ შვილს არ ეგების ქებაო, მაგრამ რაც ფაქტია, არც მისი დაუნახაობა ღირს – სულ პატარაობიდან არასდროს  დასჭირვებია  ზედმეტი  შენიშვნის  მიცემა,   სწავლაზე  ან რაიმეზე მითითება, პროფესიით დიპლომატია აირჩია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
ძალიან  უყვარს  თავისი საქმე და არც თუ ურიგოდ  გამოსდის,  ბავშვობაში  რაგბისა და კალათბურთს თამაშობდა, ანსამბლში ცეკვავდა, ფორტეპიანოზე  და  კლასიკურ გუნდზე  დადიოდა  და  წარმატებით  დაასრულა  მუსიკალური  შვიდწლედი,  თუმცა  ახლა  ზედმეტად  ხმას  ვერ  ამოაღებინებ,  და  საერთოდაც სიტყვაძუნწია,  რაც  მე  სადღაც  მომწონს  კიდეც,  რადგან  კაცი  ცოტას  უნდა  ლაპარაკობდეს  და  ბევრს  აკეთებდეს.  ჯერჯერობით  ასეცაა…
ამას არა  დედის  ინსტინქტი  და  სიყვარული  მალაპარაკებს,  პირიქით,  მე  სრულიად    არაგულჩვილი  და  ობიექტური  დედა  ვარ  ამ  შემთხვევაში:   ზოგჯერ  ძალიან  მკაცრიცა  და  მომთხოვნიც.  თავად  რთულ  ეკონომიკურ  პირობებში  გავიზარდე,  ამ  მხრივ  არც  ვანოს  ჰქონია  დალხენილი  ბავშვობა  და  ახლა  ორივე  მთელ  ძალისხმევას  შვილების  უზრუნველი  ყოფის  კოშკების  აშენებითა  ვარ  დაკავებულნი,  რომ  რაც  ჩვენ  დაგვაკლდა, გვინდა,  ჩვენს  შვილებს  მაინც  აესრულებინოთ  საკუთარი  ოცნებები,
სამომავლო გეგმები….
– გეგმები მრავალფეროვანია და ძალიან საინტერესო… ისეთი დინამიკით ვცხოვრობთ შინ და გარეთ, სხვაგვარად ვერც იქნება…საჯარო სამსახური წამით არ მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას , ხოლო რაც შეეხება, ლიტერატურას, მზად მაქვს ორი კრებული – პოეტური და პროზაული, რომელიც ელის დაფინანსების წყაროს…ვნახოთ, არ მსურს მოვლენებს წინ გავუსწრო…აღდგომა და ხვალეო!…

 

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები