“საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული ფული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მხარს ვუჭერთ”- ვატო შაქარიშვილი

“ქართულ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული ფული. ეს დასავლური პრაქტიკაა”, – ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემოსული უცხოური ფულის გამჭვირვალობა აბსოლუტურად ლეგიტიმური და აუცილებელი მოთხოვნაა.

“კონსერვატიული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ” შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას გასული წლის მარტშიც აქტიურად და ღიად ვუჭერდით მხარს გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული, საქართველოში შემოსული უცხოური ფულის გამჭვირვალობა აბსოლუტურად ლეგიტიმური და აუცილებელი მოთხოვნაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში თვალს ადევნებს იმას, რომ ამ ქვეყანაში დიდძალი უცხოური ფული შემოდის, რომლითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პარტიული პოლიტიკური მედიასაშუალება ფინანსდება, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან, პირიქით, მათი საქმიანობა საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო ინსტიტუტების, ტრადიციული ღირებულებების და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ Ngo სექტორი პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკურ პარტიებზე არანაკლები ინტენსივობით მონაწილეობს. ისინი პოლიტიკური პროცესების ავანგარდში ვიხილეთ, ვნახეთ რევოლუციური ბარიკადების წინა ხაზზე, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი უცხოური ფულით ხორციელდება და ფინანსდება, ზოგადი კეთილშობილური მიზნებით იფუთება. სინამდვილეში კი, რეალურად ეს ყველაფერი, ფული, თითოეული ცენტი საქართველოში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას ხმარდება. პროცესი აბსოლუტურად ახალ საფეხურზე გადავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. მათი დონორების, ანუ პატრონების დამკვეთების, მთავარი ინტერესი  საქართველოს ომში ჩართვა გახდა, შესაბამისად, მას შემდეგ შემოსული თითოეული ცენტი რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას, ცრუ პროპაგანდას ხმარდება. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც usaid-ის დაფინანსებით ტრენინგი ტარდებოდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დახელოვნებულები არიან რევოლუციურ პროცესებში, ქუჩის არეულობებში. ეს იყო “კანვასი”. გახსოვთ, რით იყო ეს ე.წ ტრენინგი შეფუთული. ვხედავთ, რომ უცხოური ფულით ისეთი დესტრუქციული ორგანიზაციები ფინანსდებიან, როგორიცაა “სირცხვილია”, “ფრანკლინის კლუბი”, “დროა”, “გირჩი- მეტი თავისუფლება და ა.შ. ეს ნაწილია იმ მახინჯი პრაქტიკისა რომელიც წლების განმავლობაში საქართველოშია დამკვიდრებული. ფული აბსოლუტურად უკონტროლოდ შემოდის. ქართულ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რაში იხარჯება ის, არც ამ ფულის წარმომავლობაზე მიზნობრიობაზე აქვს ინფორმაცია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი კანონით უნდა დარეგულირდეს. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება , იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული ფული. ეს არის დასავლური პრაქტიკა” – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ” შესახებ კანონის მიღება ძალიან დროული გადაწყვეტილებააა, გამომდინარე იქიდან , რომ არჩევნები მოდის. როგორც შაქარიშვილმა განაცხადა არჩევნებში, პოლიტიკურ პროცესში უცხოური ფულის მონაწილეობა კანონოთ დარეგულირებული უნდა იყოს.

” რაც შეეხება გასული წლის მარტის მოვლენებს, როდესაც ასევე დიდი ფულის, ცრუ პროპაგანდის, უცხოური ძალების უხეში ჩარევის შედეგად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქუჩის არეულობების გამოწვევა მოხერხდა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი გვაქვს, როგორც გლობალური თვალსაზრისით, ისე შიდა პოლიტიკური განზომილებით. საზოგადოება გაცილებით მეტად ინფორმირებულია, ვიდრე მაშინ. ცრუ პროპაგანდის წარმოებას ხელს შეუშლის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, რომელსაც “დემოკრატიის დაცვისათვის” ჰქვია, ამ პაკეტში უმთავრესი კანონი სწორედ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებაა. მათივე შეფასებით, ეს ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, ევროკომისია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელ ინსტრუმენტს უწოდებს. შესაბამისად, იმის რაც ევროკავშირში დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტად იწოდება, საქართველოში რუსულად და სხვა ნეგატიური შეფასებებით სახელდება ვეღარ მოხდება . ეს ორმაგი სტანდარტია. ამ ორმაგ სტანდარტს საზოგადოებას თავს ვეღარ მოახვევენ. შესაბამისად, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან დროული გადაწყვეტილებააა, გამომდინარე იქიდან , რომ არჩევნები მოდის. არჩევნებში, პოლიტიკურ პროცესში უცხოური ფულის მონაწილეობა კანონოთ დარეგულირებული უნდა იყოს. განვმეორდები: იცით, 2024 წელს ევროკავშირშიც ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროკომისიამ ევროპარლამენტს სწორედ იმ მიზნიდან გამომდინარე წარუდგინა , რომ ევროკავშირში ჩასატარებელ არჩევნებში მესამე ქვეყნებიდან ჩარევის პრევენცია და უცხოური გავლენების გამჭვირვალობა მოხდეს.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განსხვავებით გასული წლის მარტისგან, დღეს ეს ძალები რაც არ უნდა დიდი ფული ხარჯონ, ცრუ პროპაგანდა აწარმოონ, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ. კანონპროექტი, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს კანონად ვერ იქცა, ამჯერად კანონად იქცევა”- განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები