არჩილ თალაკვაძე: არავინ გაბედოს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა
,,არავინ გაბედოს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვისაც აქვს 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა – არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი დისკუსიისთვის მზადაა.
„რაც შეეხება შეფასებებს, გარეთ თუ შიგნით – ჩვენ ინიციატივის გახმოვანებისთანავე ვთქვით, რომ მზად ვართ საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ ნებისმიერთან. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული არგუმენტი, თუ ვინმეს კანონის ტექსტში რაღაც არ მოსწონს, თავიდანვე ვთქვით, რომ ასეთი დისკუსიისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით გვესმის ისევ ტერმინები და ამ ყველაფრის შეფუთვის მცდელობა ისე, როგორც წარსულში გააკეთეს.
დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მეტი ინფორმაცია და ჩვენც მეტი კომუნიკაცია და კიდევ უფრო მეტი გვექნება საზოგადოებასა და პარტნიორებთანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გულისხმიერი დამოკიდებულებით მიუდგება ამ საკითხს და დიდ სურათშიც დაინახავს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, იმ ადამიანებს ვითარებაში გარკვევა არ გაუჭირდებათ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა.