კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში დაინიცირდა

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში უკვე დაინიცირდა.

ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება.

კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამასთან, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის პარლამენტში ხელახლა წარდგენის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები