„მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” – რასაც პასუხობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 2014 წლის შემდეგ. ეს იყო რთული გზა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომლის ერთი ეტაპიც ჩვენ წარმატებით დავძლიეთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა  ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი  პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა   „ეკონომიკური  რეფორმების პროგრამა” 2024-2026 წლისათვის. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა, რომ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის. 2021 – 22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2023 წელსაც საქართველომ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
„თუმცა, გასული წელი სხვა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებითაც იყო გამორჩეული: უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი; საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა შეადგინა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ, სტაბილურად გაგრძელდება.