საქართველოს ეროვნული მუზეუმი ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ბიძინაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას ეხმაურება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ბიძინაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას ეხმაურება.

მათივე განცხადებით, ეროვნული მუზეუმი დისკრიმინაციის ფაქტს არ ეთანხმება, ხოლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია უსაგნოა, ვინაიდან მრავალი თვეა, რაც ის ისედაც სრულდება.

„სსიპ ეროვნულმა მუზეუმმა განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 29 მარტის N13-2/3267 რეკომენდაცია და მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილის მიმართ დისკრიმინაციის დადგენის ფაქტი.

ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს არ ეთანხმება, ხოლო სახალხო დამცველის რეკომენდაცია უსაგნოა, ვინაიდან მრავალი თვეა, რაც ის ისედაც სრულდება.

კერძოდ, ეროვნულმა მუზეუმმა, ჯერ კიდევ საქმის გარემოებების შესწავლის ეტაპზე, სახალხო დამცველს აცნობა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გიორგი ბიძინაშვილი აღარ არის ეროვნულ მუზეუმში დასაქმებული პირი, შეუფერხებლად ხდება მისი დაშვება ეროვნული მუზეუმის შიდა ტერიტორიაზე და მას თავისუფლად შეუძლია განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა საგრანტო პროექტის ფარგლებში, რასაც ადასტურებს მისი 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) ვიზიტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობაში ვიზიტორთა დაშვებისა და გადაადგილების მონაცემები არ აღირიცხებოდა 2023 წლის 9 იანვრამდე, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდგომ, 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით, მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილი მუზეუმში შემოსულია 150-ჯერ (სამეცნიერო საქმიანობის ან/და ყოფილი კოლეგების მონახულების მიზნით).

ამასთან, გიორგი ბიძინაშვილი თავად ადასტურებს, რომ 2023 წლის თებერვლიდან (აღრიცხვის წარმოებიდან) მას ხელი არ ეშლება ეროვნული მუზეუმის სამუშაო ოთახებში საქმიანობისას. მართლაც, არათუ სახეზე არაა დისკრიმინაცია და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, არამედ გიორგი ბიძინაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა მუზეუმის ტერიტორიაზე სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ამდენად, ის, რასაც სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ისედაც სრულდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები