“მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესრულების სტილი და ტაქტიკა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სწორედ “ისლამური სახალიფოს” მიერ განხორციელებული სამხედრო- ტერორისტული აქტი იყო. თავისთავად ცხადია, აქ უკრაინის სპეცსამსახურების ჩართულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ტრაგედიაც კი სათავისოდ გამოიყენეს.
“აღნიშნული ტერაქტის კვალი პირდაპირ ” ისლამურ სახალიფოსთან”, “დაეშთან” მიდის. ბუნებრივია, აქ “დაეშის” ჩართულობა გასაკვირი არაა, რადგან “დაეშმა” რამდენიმე ხნის უკან, ფაქტობრივად, შეძლო, თავის ძლიერების პარამეტრები აღედგინა, რომელიც 2017-18 წლებში დაკარგა, როდესაც 3 სამხედრო- პოლიტიკური კოალიცია “ისლამურ სახალიფოს” ებრძოდა. ეს არის კვაზი სახელმწიფოებრივი აქტორი, გაერთიანება, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ბიუროკრატია, საკუთარი სპეცსამსახურებიც კი გააჩნია. “დაეშის” ეგიდით დაახლოებით 6 სპეცსამსახური მოქმედებს. ამ სპეცსამსახურებში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმე იციან. “დაეშის” სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ცნობილი აჰმედ ჩატაევი იყო, რომლის ლიკვიდაცია თბილისში 2017 წლის ნოემბერში მოხდა. “დაეშმა” შეძლო, თავის ბირთვი ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაეტანა.
მისი მთავარი ორგანოები ავღანეთსა და პაკისტანშია გაშლილი. იქ შექმნილია რამდენიმე საწვრთნელი, დივერსიული სკოლა, შაჰიდების მომზადების სპეციალური ცენტრები, რომლებმაც მოსკოვში ტერაქტი განახორციელეს. თუმცა, მოსკოვში ტერაქტამდე “დაეშმა” რამდენიმე მსხვილი სამხედრო ტერორისტული აქტი განახორციელა. ერთი ირანში, ერთი ავღანეთში.
მოსკოვის ტერაქტი “ისლამურმა სახალიფომ” განახორციელა. ბუნებრივია, ამის მტკიცებულებები არსებობს, როგორც ვიდეო, აუდიო, ისე დაკავებული ტერორისტების ჩვენებები. ტერაქტის შესრულების სტილი და ტაქტიკა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სწორედ “ისლამური სახალიფოს” მიერ განხორციელებული სამხედრო- ტერორისტული აქტი იყო.
სამხედრო-ტერორისტული აქტის დაგეგმვის მანერა 2016 წელს “შარლი ებდოზე” განხორციელებულ ანალოგიური ტიპის აქტს ძალიან წააგავდა, როცა არა მარტო რედაქციაზე მოხდა თავდასხმა და ჟურნალისტები დახოცეს, არამედ რამდენიმე ადგილას, ასე ვთქვათ, სატყუარა დარტყმები განახორციელეს, მაგალითად, კაფე- ბარზე. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა სწორედ “კროკუსის” ტერაქტს, რომელსაც უფრო მასშტაბური კუთხე ჰქონდა. რა მაქვს მხედველობაში: როგორც ჩანს, ტერაქტის მომზადება “დაეშმა”, სულ მცირე, 1 წლის წინ დაიწყო, დაახლოებით, 5 ჯგუფი მომზადდა, თითო ჯგუფში დაახლოებით 4-5 ადამიანი იყო.
აქ ნამდვილად იკვეთება, რომ “დაეშმა” არა მარტო სამხედრო- დივერსიული აქტი განახორციელა, არამედ საინფორმაციო- პროპაგანდისტული შეტევაც, რომელიც გათვლილი იყო იმაზე ,რომ ის 4 ტერორისტი ვითომ უკრაინის მიმართულებით მიდიოდა. რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი გამოიყენეს. თავისთავად ცხადია, აქ უკრაინის სპეცსამსახურების ჩართულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მე ვიტყოდი, ამაზე საუბარი ამორალურია, სულელურად ფაქტის წარმოჩენაა , რომელზეც კომენტირებაც კი არ ღირს. თუმცა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ტრაგედიაც კი სათავისოდ გამოიყენეს, ყველა ისარი უკრაინის და რაც ყველაზე საინტერესოა, დასავლეთის სპეცსამსახურებზე გადაიტანეს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული ომის ფარგლებში. ასე რომ არავითარი ინდიკაციები იმისა, რომ აქ უკრაინის სპეცსამსახირები იყვნენ ჩართულები, არ არსებობს. ეს არის “ისლამური სახალიფოს” მიერ განხორციელებული ქმედება. უნდა ითქვას, რომ ამ ტერაქტს შესაძლოა, გაგრძელება მოჰყვეს, რადგან “ისლამური სახალიფოს” ხელმძღვანელობამ თავისი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ შემდეგი “სიურპრიზები” უკვე ევროპის მიმართულებით იქნება.
“დაეშის” ტერორისტული გაერთიანება ჯიჰადისტურია, ეს მხოლოდ ტერორისტული გაერთიანება არა, ესაა აგრესიული , რელიგიური, კვაზი სახელმწიფოებრივი აქტორი. ეს ძალიან საშიში მოვლენაა, რომელმაც, ფაქტობრივად , აღორძინება მოახერხა. მათ შეძლეს, თავიანთი გეოგრაფიული არეალი აფრიკის კონტინენტიდან აზიის მიმართულებით გაეფართოებინათ. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან “დაეშმა” შესაძლოა, მიძინებული ჯგუფები საქართველოშიც შექმნას. “დაეშმა” ჩრდილო კავკასიაში თავის ქმედებები გაააქტიურა. ჩვენც ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა.
“რაც შეეხება უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას – სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული შეტევების მოგერიება შეძლეს, მათ საშუალება არ მისცეს, ოპერატიული ინიციატივა აეღოთ და ფრონტზე წარმატებული შედეგები განევითარებინათ. დღეს ოთხივე ფრონტის ხაზზე მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა, ესაა ხარკოვის დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მონაკვეთები”, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დღის წინ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ტერაქტის, მათ შორის 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინისკენ მიდის, რუსეთი ამ მოვლენებში მონაწილე პირების ექსტრადიციას ითხოვს.