შალვა პაპუაშვილი: უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში მივიდა იქამდე, რომ მოსამართლეები ჰყავთ პირდაპირ ტერორის ქვეშ
“ქართველ მოსამართლეებს, რომლებიც წლებია, პატიოსნად ემსახურებიან ჩვენ ხალხს და მართლმსაჯულებას, აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თითქოს მათ რაღაცაზე თავი უნდა იმართლონ და ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით მას ყოველთვის კატეგორიული პოზიცია ჰქონდა.
„უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში მივიდა იქამდე, რომ მოსამართლეები ჰყავთ პირდაპირ ტერორის ქვეშ „ენჯეოების” და სხვადასხვა აქტორის ხელით. ქართველ მოსამართლეებს, რომლებიც წლებია, პატიოსნად ემსახურებიან ჩვენ ხალხს და მართლმსაჯულებას, აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თითქოს მათ რაღაცაზე თავი უნდა იმართლონ და ვიღაცას რაღაც უმტკიცონ. ჩვენ საზოგადოებაში თუ კი ვინმეს აქვს კეთილსინდისიერება სამტკიცებელი, ეს არის ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ემსახურება არა ქართულ ინტერესებს, არამედ საკუთარი დონორის ინტერესებს. ისინი არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, ისინი წარმოადგენენ თავის დამფინანსებლებს.
მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მე ყოველთვის კატეგორიული ვიყავი, ვინაიდან ეს ეხება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, რომელზეც ვხედავთ, რომ წლებია, არის პირდაპირი შტურმი, რათა ამ ხელისუფლებაზე მოიპოვოს გავლენა ამა თუ იმ ჯგუფმა. ეს დადასტურდა არაერთხელ – ეს იყო გვარამიას, „რუსთავი2“-ის, მელიას თუ სააკაშვილი საქმე. ყველა საქმეზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე „ენჯეო“ და ზოგიერთი უცხოელი აქტორი სინქრონულად მოქმედებდნენ და უტევდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, ისინი დამარცხდნენ სტრასბურგში და შემდეგ ახალ ტალღას იწყებდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.