შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ იხარჯება გარკვეული ფული, მათ შორის, უცხოური იმისთვის, რომ მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია

“გამოჩნდა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა,, და რამდენიმე NGO-ს ერთობლივი კამპანია. სამწუხაროა, რომ ამაში იხარჯება, როგორც ჩანს, გარკვეული ფული, მათ შორის, უცხოური, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ქართული მართლმსაჯულების”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დედაქალაქის ქუჩებში კონკრეტულ მოსამართლეთა წინააღმდეგ გაკეთებულ უარყოფითი შინაარსის წარწერებზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულს მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოჰყვეს.

„სამწუხაროა, რომ რამდენიმე NGO-ს წყალობით დღესდღეობით მართლმსაჯულების სფეროში უცხოური მონაწილეობა გაიგივებულია სასამართლოზე თავდასხმასთან, გაიგივებულია მოსამართლეების მიმართ მორალურ ტერორთან და გაიგივებულია მათი ოჯახის წევრების მიმართ მორალურ ზეწოლასთან. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ კიდეც მოსამართლე ჩხიკვაძისგან, რომ მისი ოჯახის წევრები და შვილიც ამის გამო ძალიან დაზიანდნენ. როდესაც გამოდიან სხვადასხვა ჯგუფები, აქტორები შიგნით თუ გარეთ და აქ სემინარების ენით გვესაუბრებიან უფლებებზე და სტანდარტებზე, აი, ბავშვის უფლება, რომელიც დაირღვა. აი, სტანდარტი, რომელიც დაირღვა. სად არიან პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები და რომლებმაც ეს კამპანია წაახალისეს თავის დროზე, უცხოელმა დიპლომატებმა და NGO-ებმა?! სად არის მათი ბოდიში ამ ადამიანისა და მისი შვილის მიმართ?! ამიტომ ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასე არ ჩაივლის, ასე ვერავინ მიაჩუმათებს და ვერ გაატარებს ქართული სახელმწიფო იმას, რომ გარდა მოსამართლეზე უსამართლო მორალური ტერორისა, ეს მოხდა მის ოჯახის წევრებზეც. ამას თუ ჩვენ დღეს არ გავეცით პასუხი და არ იქნა სათანადო რეაგირება მათი მხრიდან, ვინც ეს კამპანია წაახალისა, შემდეგი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში კონკრეტულ მოსამართლეთა წინააღმდეგ უარყოფითი შინაარსის წარწერები გაჩნდა. მაგალითად: “მურუსიძეს ჩახოხბილი ვაჭამოთ?”, “თუ პატიოსანია მოსამართლე, ამხელა ქონებას როგორ აგროვებს”, და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები