ირაკლი ქადაგიშვილი: ქალაქში გაჩენილ წარწერებს ორგანიზებას უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს
“დაბულინგების, სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და ქალაქში წარწერების გაკეთება დაიწყეს. ამას ორგანიზებას გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლოს გამოჩნდება, კონკრეტულად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით გამოჩნდა დედაქალაქში სასამართლოს წინააღმდეგ წარწერები.
“იმის გამო, რომ ამ ყველაფერს საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ჩვეულებრივი დაბულინგების და სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და დაიწყეს ქალაქში ამ წარწერების გაკეთება, რომ მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან ის განწყობა, რომ თითქოს, ისეთი მდგომარეობაა საქართველოს სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს. ამას ორგანიზება უწევს, რა თქმა უნდა, გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ რომელია ეს, საკმაოდ რთული მისაგნებია, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის ქუჩებში კონკრეტულ მოსამართლეთა წინააღმდეგ უარყოფითი შინაარსის წარწერები გაჩნდა. მაგალითად: “მურუსიძეს ჩახოხბილი ვაჭამოთ?”, “თუ პატიოსანია მოსამართლე, ამხელა ქონებას როგორ აგროვებს”, და სხვა.