„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე: 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები

„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები. ამის შესახებ იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“2013 წლიდან “ეროვნული სატყეო სააგენტო” ცდილობს, რომ ტყის აღდგენის მასშტაბები ყოველწლიურად გაზარდოს. სტატისტიკაზე რომ გითხრათ, ამ წლამდე, 2013 წელს ვგულისხმობ, ჯამურად, შეიძლება ითქვას, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასეთი სამუშაოები 100 ჰექტარს არ აღემატებოდა. ჩვენთვის საწყისი წერტილი ბორჯომის ხეობა გახლდათ, ნახანძრალი ტერიტორია, სადაც ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები საკმაოდ მაღალი იყო. ამ წლიდან ვცდილობთ, რომ ჩვენი სამუშაოების მასშტაბებით ყოველწლიურად არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროება დავაკმაყოფილოთ, არამედ საერთაშორისო ვალდებულებებსაც ვუპასუხოთ და გადავაჭარბოთ კიდეც. საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, სამუშაოები წელიწადში 150 ჰექტარი უნდა იყოს, ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია, წელიწადში 1500 ჰექტარს ვცდებით. სამუშაოები წელსაც ასეა დაგეგმილი. გრძელვადიანი გეგმა და სამიზნე მაჩვენებელიც გვაქვს, რომ 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები.
ტყის აღდგენას რაც შეეხება, ეს ნამდვილად საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი საქმიანობაა. წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიონი ლარია, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის წლის განმავლობაში საჭიროებების მიხედვით გაიზრდება”, – განაცხადა იორდანიშვილმა.

ცნობისთვის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 44, 7 % ტყითაა დაფარული. როგორც იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს საკამოდ კარგი მაჩვენებელია, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში შედის. მისივე თქმით, ქვეყნის ტყეების 34 % სხვადასხვა მიზეზით დეგრადირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები