დახაუს პატიმრების გათავისუფლება – გავლილი ჯოჯოხეთი და სასტიკი შურისძიება

დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი ერთ-ერთი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ფაშისტურ გერმანიაში. ის 1933 წლის მარტში შეიქმნა. ბანაკის არსებობის მანძილზე აქ 24 ქვეყნიდან 250 ათასი პატიმარი მოხვდა. ბანაკში აწამეს ან მოკლეს 70 ათასი ადამიანი, 140 ათასი კი, სხვა ბანაკებში გადაიყვანეს. განთავისუფლებას მხოლოდ 30 ათასი მოესწრო. დახაუში ადამიანებზე დანაშაულებრივ სამედიცინო ცდებს ატარებდნენ. 1945 წლის 28 აპრილს, ამერიკის ჯარების მოსვლამდე ერთი დღით ადრე, დახაუს ტყვეთა ფარულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ინტერნაციონალური კომიტეტი ხელმძღვანელობდა, აჯანყება მოაწყო და ცოცხლად დარჩენილ პატიმართა განადგურების გეგმა ჩაშალა.

დახაუში მთელი რაიხის ექიმები სწავლობდნენ ადამიანის სხეულის შესაძლებლობებს: გადარჩენა დაბალ ტემპერატურაზე, გაზების ზემოქმედებისას ან დაბალი წნევის შემთხვევაში. ამ ექსპერიმენტებით, მათ უნივერსალური ჯარისკაცის შექმნა სურდათ. თავად ჰაინრიხ ჰიმლერი რეგულარულად სტუმრობდა დახაუს და ექსპერიმენტების მიმდინარეობას აკვირდებოდა.

აღნიშნული საკონცენტრაციო ბანაკის პრეისტორიაზე კი ამის თქმა შეიძლება: 1933 წლის თებერვალში რაიხსტაგს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ჰიტლერმა, რომელმაც ორი დღით ადრე მიიღო რაიხის კანცლერის თანამდებობა, ამაში კომუნისტები დაადანაშაულა. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ხუთი წლის ვადით და მიღებულ იქნა ახალი კანონი „ხალხისა და სახელმწიფოს დაცვის შესახებ“. ეს კანონი გახდა საფუძველი რაიხის პოლიტიკური ოპონენტებისთვის სპეციალური დაკავების ცენტრის შესაქმნელად. სწორედ ასე გაჩნდა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი.

თავდაპირველად, ბანაკში კომუნისტური პარტიის 10 ათასზე მეტი წევრი გაგზავნეს, მაგრამ შემდეგ კანონი შეუფერხებლად გავრცელდა „არიული რასის“ ყველა სხვა „დამაბინძურებელზე”. ამ სიაში შედიოდნენ ებრაელები, ნარკოდამოკიდებულები, ბოშები, ფსიქიკურად დაავადებულები, ჰომოსექსუალები, უსახლკაროები და ისინიც კი, რომლებმაც უარი თქვეს ჯარში სამსახურზე.

დახაუს პატიმრების ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა სხვა საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების ცხოვრებისგან. მათ უფასო მუშახელად იყენებდნენ და როგორც უკვე მოგახსენეთ, დანაშაულებრივ სამედიცინო ცდებს უტარებდნენ. ბანაკში მისვლისთანავე პატიმრებს ყველა უფლება ერთმეოდათ. მათ აძლევდნენ ზოლიან ხალათს შესაბამისი კატეგორიის მიხედვით: ბოშა, ებრაელი, პოლიტპატიმარი და ა.შ. ზოგიერთს ბანაკში მისვლისთანავე ესროდნენ. ჩვეულებრივ, ეს ბედი საბჭოთა ჯარისკაცებს ელოდათ.

ნაცისტების ექსპერიმენტებს ადამიანები იშვიათად უძლებდნენ. თითოეული ექსპერიმენტის პროგრესი და შედეგები საგულდაგულოდ იყო აღწერილი. ექიმები ცხედრებს კვეთდნენ და გარდაცვალების მიზეზებს ეძებდნენ, გამოჰქონდათ დასკვნები იმის შესახებ, თუ რომელი ორგანო აღმოჩნდებოდა კონკრეტულ ექსპერიმენტში სუსტი წერტილი.

გაზის კამერა
კრემატორიუმის შენობა

ექსპერიმენტების ხასიათი, ცხადია, სხვადასხვა იყო, მაგალითად:

თავის ტრავმის ექსპერიმენტი – ადამიანს სკამზე აბამდნენ და ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ თავში ჩაქუჩს მზარდი ძალით ურტყამდნენ. ექსპერიმენტის მიზანი იყო, დაედგინათ მაქსიმალური ზემოქმედების ის ძალა, რომელსაც თავის ქალა უძლებს;

გაყინვის ექსპერიმენტი – პატიმრებს ცივ წყალში აწვენდნენ, რათა სხეულის ტემპერატურა უკიდურესად დაბალ დონემდე დაეყვანათ. შემდეგ ცდისპირის ჰიპოთერმიისგან გადარჩენას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ;

სტერილიზაციის ექსპერიმენტი – ნაცისტები ეძებდნენ საუკეთესო გზას ადამიანთა ჯგუფების სტერილიზაციისთვის, მათ შორის, რადიაციის გამოყენებით. სურდათ, აღმოეჩინათ მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ეფექტური, არამედ ყველაზე იაფიც იქნებოდა. ამის მიზეზი კი იყო კანონი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალებს, ფსიქიკურად დაავადებულებს, ალკოჰოლიკებს და ისევ და ისევ „არიული რასის დამაბინძურებელ“ ადამიანებს სავალდებულო სტერილიზაცია უნდა ჩაეტარებინათ. ასეთი ექსპერიმენტები, ძირითადად, სისხლდენას და სიმსივნეს იწვევდა;

სისხლის შედედების ექსპერიმენტი – პატიმრებს აძლევდნენ სხვადასხვა მედიკამენტს, რომელიც სისხლის შედედებას აუმჯობესებდა. შემდეგ მათ ესროდნენ ან კიდურებს აჭრიდნენ. ამის მიზანი ისეთი წამლის აღმოჩენა იყო, რომელიც ჯარისკაცებს სისხლის დაკარგვისგან გადაარჩენდა.

1945 წლის 29 აპრილს ამერიკულმა არმიამ დახაუ აიღო. ჯარისკაცები ნანახით შეძრწუნდნენ. ბანაკის შესასვლელთან გვამებით სავსე 40-ზე მეტი ვაგონი იდგა. დახაუს, თითქმის, მთელი ტერიტორია გვამებით იყო სავსე. არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ. ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკელებმა იმავე საღამოს ავტომატებით ისე დახვრიტეს ბანაკის 560-ვე თანამშრომელი, რომ ოფიციალურ ბრძანებასაც არ დაელოდნენ.

სხვა ვერსიით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ზოგ პატიმარს პისტოლეტები და ნიჩბები დაურიგეს, რათა საკუთარი მწამებლები თავად გაესტუმრებინათ საიქიოში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები