შალვა ოგბაიძე: თუ საავტობუსო ზოლში ტაქსით მოძრაობის მიზნობრიობა არ დადგინდა, სატრანსპორტო საშუალება A კატეგორიის ნებართვიდან ერთი წლის ვადით იხსნება

„დღეს საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილია დადგენილების პროექტი, რომელიც მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ზოლში მოძრაობის მიზნობრიობა არ შეესაბამება ტაქსით მგზავრთა გადაყვანას, სატრანსპორტო საშუალება A კატეგორიის ნებართვიდან იხსნება ფაქტის გამოვლენიდან ერთი წლის ვადით. ამასთან, ამ 1 წლის განმავლობაში, დაუშვებელია იმავე სატრანსპორტო საშუალების დამატება ნებისმიერ სხვა A კატეგორიის ნებართვაზე, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისა“, – განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის 1-ელი აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მქონე 10 წლის და ქვემოთ წლოვანების ავტომობილს შესაძლებლობა აქვს მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გაჩერდეს/იმოძრაოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნებართვის მფლობელები სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილდებიან არა მომსახურების გაწევისას მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, არამედ ზოლებს იყენებენ პირადი მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფად გადასაადგილებლად.

„მოცემული რეგულაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქი ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა კომფორტულ, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებაზე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამ მიზნების განხორციელებას დაექვემდებარება ჩვენი მხრიდან მყისიერ რეაგირებას“, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები