ბელგიის პრემიერი: ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ფული გადაუხადეს

Belgian Prime Minister Alexander De Croo arrives for the NATO summit at the Ifema congress centre in Madrid, on June 29, 2022. (Photo by BERTRAND GUAY / POOL / AFP)

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე დე კროს განცხადებით, ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ფული გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირაში ბელგიისა და ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის რუსული პროპაგანდისტული ქსელის განადგურების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა იყო.

„მაგალითად, გაირკვა, რომ რუსეთმა მიმართა ევროპარლამენტარებს და გადაუხადა [მათ] რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად აქ“, – აღნიშნა დე კროომ ბელგიის პარლამენტში უცხოური ჩარევის შესახებ დებატების დროს, თუმცა კონკრეტული ევროპარლამენტარების ვინაობა არ დაუსახელებია.

დე კროოს სპიკერმა POLITICO-ს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სანქციები დაუწესდა საინფორმაციო საიტ Voice of Europe-ს, რომელსაც პრაღამ პრორუსული გავლენის ოპერაციის ნაწილი უწოდა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მარტს განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მედვედჩუკმა ჩაატარა „რუსული გავლენის ოპერაცია“ რუსეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე Voice of Europe-ის გამოყენებით.

ამასთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „დაარტყა პრორუსულ ქსელს“, რომელიც ცდილობდა მოეწყო გავლენის ოპერაცია, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირისთვის უსაფრთხოების შედეგები მოჰყვებოდა.

„ეს გადაწყვეტილება არის ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ინტერესებში, ასევე ხელს უწყობს ევროპარლამენტის მომავალი არჩევნების დემოკრატიული ხასიათის დაცვას“, – დასძინა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

Voice of Europe-ის საიტზე წვდომა ამჟამად შეუძლებელია და სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) ანგარიშზე 27 მარტიდან არაფერი გამოქვეყნებულა.

ევროპარლამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, დელფინ კოლარმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ამჟამად იკვლევს ჩეხეთის ხელისუფლების დასკვნებს Voice of Europe-ის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები