შალვა პაპუაშვილი: ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა

ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა.

“თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება, გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება – გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი.
ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ.“

„სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ. ამას ჩვენ მივხვდით უკვე დიდი ხანია და ეს დადასტურდა გუშინწინ სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც, როდესაც გამოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დავალება, რომელიც მან შეასრულა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი კითხვის ნიშანი ნიკა გვარამიას დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, გუშინწინ მივიღეთ უმაღლესი ევროპული ინსტანციისგან კიდევ ერთხელ დასტური მათთვის, ვისაც ეს არ სჯეროდა, რომ ის(გვარამია) არის სისხლის სამართლის დამნაშავე – ეს ერთი და მეორე, არ არსებობდა არანაირი პოლიტიკური გამართლება მისი შეწყალებისა ვითომ დეპოლარიზაციის მიზნით. ეს ჩანდა კიდეც, ვინაიდან განმარტებაც არ გააკეთა, რადგან ხვდებოდა, რომ განმარტების მიუხედავად უარგუმენტო იქნებოდა და არავინ დაიჯერებდა.
ჯერ ჩვენ არ ვიცით სასამართლოს განაჩენი, იქნება თუ არა ცნობილი დამნაშავედ. თუმცა პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა, ვნახოთ რას იტყვის სასამართლო და შემდეგ გამოჩნდება. ზუსტად ისე მოიქცევა (სალომე ზურაბიშვილი), როგორიც იქნება დავალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები