ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას მასპინძლობს.

ცესკოს ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება.

სასწავლო-სამუშაო შეხვედრა „საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში – არსებული გამოცდილება“ დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეუთოს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა აჰმედ რიფატბეგოვიჩმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში საერთაშორისო მხრიდან მაღალია ინტერესი, რასაც ადასტურებს ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელებული არაერთი სასწავლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, ეუთოს ეგიდით, ვმასპინძლობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას. გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ მათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან, ასევე სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მიმოვცვალოთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების განვითარებას ჩვენს ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო აღიარებაზე და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვებულ სოლიდურ გამოცდილებაზე, რაც არის მომავალში არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წინაპირობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების თანამშრომლობა მრავალი წლის წინ დაიწყო – „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით კონფერენციების დროს, ვიზიარებთ ერთმანეთის ცოდნასა და გამოცდილებას. ვსწავლობთ საქართველოს გამოცდილებას, რადგან ის ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპაში და განათლების ღია ცენტრს წარმოადგენს. ეს გაკვეთილები ჩვენთვის ღირებულია. ამჯერად საქართველოში ვიმყოფებით იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის რეფორმას და ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველად უწევს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირება. საქართველომ ელექტრონული ტექნოლოგიის პროექტის პილოტირება განახორციელა მანამ, სანამ იგი ფართო მასშტაბით გამოიყენა. ჩვენ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრადიციული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებისას, როგორი იყო ახალი ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები, რა უნდა გავითვალისწინოთ სიახლის დანერგვისას ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვიპოვოთ ნდობა ამომრჩევლებში და ასე შემდეგ“.

საქართველოს საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეუთოს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა აჰმედ რიფატბეგოვიჩმა – „სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ეუთოს მისია ბოსნია და ჰერცეგოვინაში ახორციელებს პროექტს, რომელიც არჩევნების მთლიანობას ისახავს მიზნად 2024-2026 წლებში. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის დელეგაციისთვის საქართველოში ვიზიტი განგვეხორციელებინა, რათა მათ შეესწავლათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავეცნოთ, როგორ ხდება საარჩევნო ბიულეტენების სკანირება და ბიულეტენების ელექტრონული დათვლა. ველით ამ ყოველივეს პილოტირებას ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართება“.

სასწავლო ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეების, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ, ვიზიტის მეორე დღეს კი ისინი საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების ცენტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას გაეცნობიან.

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში ეუთოს ეგიდით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები